„ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ხვდებიან. ხოშტარიასა და გოგორიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის ვადა მინიმუმ 27 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა გახანგრძლივდეს.
ელენე ხოშტარია ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრას სოციალურ ქსელით პირდაპირ ეთერში აჩვენებდა, სადაც ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ არ დატოვებდნენ ჟვანიას ოთახს, სანამ ცესკო თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადას არ გაზრდიდა.
როგორც ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, გოგორიშვილისა და ხოშტარიას ცესკოს შენობაში დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ უშვებდნენ. დაცვის თქმით, შესაბამისი საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა ხოშტარიამ და გოგორიშვილმა ცესკოში შესვლა მაინც მოახერხეს.
განახლება:
„რეგისტრაცია ვერ გადაიწევს. ოფიციალურად, სამართლებრივად ამას ვერ გავაკეთებთ. თუმცა, ამ ინტერესიდან და სამოქალაქო აქტივობიდან გამომდინარე, მაქსიმუმ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი და რეკავენ ზარებზე 18:00 სთ-მდე, ჩვენ შეგვიძლია ამ ზარებს ვუპასუხოთ“, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.
გუშინ, ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. მიქელაძის თქმით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნა 27 ოქტომბერს 14:00 საათამდე იქნებოდა შესაძლებელი.