თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა - ცესკო

პუბლიკა

ცესკო-ს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. მიქელაძის თქმით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნა 27 ოქტომბერს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.

„ცესკოს გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის დღის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება“, – აღნიშნა მიქელაძემ.

ცესკო-ს პრეს-სპიკერის განმარტებით, მესამე დღეა სრული დატვირთვით მუშაობს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს.მისივე თქმით, მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიმართა.

„ცესკო ხვალ დილითაც, ოფიციალური განცხადების საშუალებით, კიდევ ერთხელ შეახსენებს აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0), 27 ოქტომბრის 14:00-მდე და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, – აღნიშნა მიქელაძემ.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, არჩევნებში ჩართული მხარეების, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიის საქმიანობის მაქსიმალურად ხელშეწყობისა და სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება მათთვისაც გაგრძელდეს რეგისტრაციის მოთხოვნის ვადა მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

„შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას დარეგისტრირდნენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.