ხოშტარია კეზერაშვილზე: კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

„BBC-ის გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამოანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა.

არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისოერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება გქონდეს პოზიცია“, – წერს ელენე ხოშტარია.


„მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“ – BBC საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს, რომელშიც გამოცემის ცნობით, გაშიფრულია გლობალური თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები.

ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, Milton Group-ს და ამ კომპანიის კეზერაშვილთან კავშირს ეხება. თავად ქოლცენტრებსა და თაღლითურ სქემებზე დასავლური მედია ადრეც წერდა, მაგრამ BBC წერს, რომ მათ ახლა ამ სქემის უკან მდგომ პირებსა და მათ კავშირებს მიაკვლიეს.

BBC-ის მიხედვით, Milton Group, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა და ის 2020 წელს გაუქმდა. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო.

კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია.