„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატი თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ შსს-ს განცხადება საპასუხოდ მოჰყვა ელენე ხოშტარიას მხრიდან სისტემური ძალადობის მხილებას.
მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას „ანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე“ და ადასტურებს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ხოშტარიას განცხადებას.
თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსის სასამართლო, სავარაუდოდ, ამ წუთებში უნდა დაიწყოს, თუმცა ელენე ხოშტარიამ დასწრებაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლოში მივლენ და გაარკვევენ, რა ეტაპზეა პროცესი.
„ქალბატონი ელენეს მდგომარეობა ამ წუთას დამაკამყოფილებელია. როგორც გვითხრეს, მისი სასამართლო წესით ახლა უნდა მიმდინარეობდეს. ელენემ უარი განაცხადა სასამართლოზე დასწრებაზე და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, წავალთ სასამართლოში და გავარკვევთ რა პროცესი მიმდინარეობს იქ, თუ მიმდინარეობს საერთოდ…
რაც შეეხება გაშიშვლების ფაქტს, ეს არის სისტემური და სისტემურია განურჩევლად იმისა, რეჟიმის მსხვერპლი ვინაა, პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი ჩვენგანი, თუ სისტემას ეს დასჭირდა, ის გამოიყენებს მათ შორის კანონის დარღვევით ასეთ მეთოდებს, როგორიცაა გაშიშვლება, რაც თავის მხრივ არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
[ყბის და კბილების დაზიანებაზე] კი, იყო ეს ფაქტი, ეს იყო პირველად როცა გადაიყვანეს ე.წ. შუშებიან შენობაში, ამ მომენტში ჰქონდა მის მიმართ ადგილი მსგავს ქმედებას და იდენტიფიცირებულია ორივე პოლიციელი, რომელიც ამ ქმედებაში მონაწილეობდა.
[შსს-ს განცხადება კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე] ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მე რაც ვიცი, არაფერი კანონსაწინააღმდეგო ქალბატონ ელენეს არ ჰქონია.
შსს-ს განცხადებიდან ისე ჩანს, რომ ეს არის პასუხი ქალბატონი ელენეს ღია საუბარზე და მხილებაზე სისტემური ძალადობის. მე არ ვიცი, შსს-ს რა მიზანი აქვს, მაგრამ ე.წ. დროით პერიოდში ის ემთხვევა, რამდენიმე საათიანი ფიქრის შემდეგ ეს განცხადება გააკეთა შსს-მ. თუ რამე მსგავსი იყო, მალევე აკეთებს შსს ასეთ განცხადებას. მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ელენემ ამხილა, ვხედავთ ამ განცხადებას“, – თქვა ადვოკატმა.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მასზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს.
ხოშტარიას საპასუხოდ შსს ამტკიცებს, რომ ის „იქცეოდა აგრესიულად”, კანონიერი პროცედურების გავლისას დაარღვია შინაგანაწესი და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები”.
მათივე თქმით, ხოშტარიას „თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 28 მარტს პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს, სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღწერს დაკავების შემდეგ მის მიმართ ჩადენილ ქმედებებს.
ხოშტარიას თქმით, მასზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს, რაც მისი შეფასებით, ადამიანის ღირსების შელახვის მეთოდია.