„ხოშტარიას და პოლიტპატიმრების საქმე „ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ — ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

დღეს, 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას და პოლიტიკური პატიმრების საქმე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 37.

მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს ევროკავვშირში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან

რეზოლუციით ასევე მოთხოვნილია რეპრესული კანონების გაუქმება და მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოძიება.

ამასთან ერთად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებს და ხელშემწყობებს აკერძალოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.

რეზოლუციის ტექსტში კითხულობთ:

ა. ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა რეპრესიები პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ;

ბ. ვინაიდან დრაკონული კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ, კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სისხლის სამართლის კოდექსში, ასახავს მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას განსხვავებული აზრის ჩასახშობად, რაც რუსული სტილის რეპრესიების ანალოგიურია;

გ. ვინაიდან პროტესტის დაწყების შემდეგ ასობით ადამიანი იქნა დაკავებული, დაჯარიმებული ან სისხლისსამართლებრივად დევნილი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთაგან ბევრი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება; ვინაიდან ათობით პირი დააპატიმრეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო;

დ. ვინაიდან დაკავებულია ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ელენე ხოშტარია – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის დააკავეს 2025 წლის სექტემბერში მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, და რომელსაც სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ემუქრება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ვინაიდან არსებული ცნობებით, ხოშტარია პატიმრობაში იმყოფება ღირსების შემლახავ პირობებში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას;

ე. ვინაიდან კიდევ ერთ სინდისის პატიმარს, მზია ამაღლობელს, 2025 წელს მიენიჭა სახაროვის პრემია;

ევროპარლამენტი:

1. მკაცრად გმობს ხოშტარიასა და ყველა იმ პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებსაც დევნიან გამოხატვისა და შეკრების უფლების გამოყენების ან მშვიდობიანი პროტესტის გამო; ასევე „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ დევნას;

2. გმობს ხოშტარიას მიმართ ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას პატიმრობის დროს; მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ისევე როგორც სხვა პირებისას, რომლებიც დაკავებულნი არიან პოლიტიკური ნიშნით ან ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო; მოუწოდებს მათ მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნისკენ;

3. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია ფაქტობრივად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია;

4. მოითხოვს დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას პატიმრობაში არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების შესახებ, ასევე სარწმუნო ცნობების თაობაზე, რომლებიც ეხება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას;

5. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გავლენის გაფართოების გამო, რაც დადასტურებულია მრავალრიცხოვან ანგარიშში და რაც ასევე აისახება ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გაუარესებაზე; გამოხატავს აღშფოთებას იმის გამო, რომ ამგვარი ანგარიშების ავტორების, კერძოდ ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევრის გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოეხდინათ მათ საგანგაშო მიგნებებზე ქვეყანაში ავტორიტარული ძალების გავლენის სისტემური გაფართოების შესახებ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევა;

6. მკაცრად გმობს შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების გაგრძელებას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და თრგუნავს პოლიტიკურ აქტივობას, სამოქალაქო პროტესტსა და განსხვავებულ აზრს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლო პროცესი;

7. ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუსაბამოა საქართველოს ვალდებულებებთან, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით;

8. კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლისადმი; მოუწოდებს კომისიასა და წევრ ქვეყნებს, დაეხმარონ და დაიცვან რისკის ქვეშ მყოფი ქართველი აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციური ფიგურები;

9. მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები, ისევე როგორც ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვა რეჟიმის იმ წარმომადგენლებისა და მათი ხელშემწყობების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, დევნასა და ძალადობაზე დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ;