ხშირად ვრთავ 2-ლარიან პაკეტს, რომელიც სწრაფად იწურება - აფხაზავა ონლაინსწავლების სირთულეებზე

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველის” ეთერში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა ვლადიმერ აფხაზავამ, რომელიც სოფელ ჩიბათში სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ონლაინსწავლებაზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც სწავლების პროცესში მასწავლებლები და მოსწავლეები აწყდებიან.

მისი თქმით, მთავარი წინააღმდეგობა ინტერნეტზე წვდომას უკავშირდება.

„სირთულეები ნამდვილად არის, ეს ახალი გამოწვევაა და ახალ ფაზაში გადავედით მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოსწავლეებთან გვქონდეს კონტაქტი. მათ ძალიან მოსწონთ ონლაინგაკვეთილები, თუმცა არის ხარვეზები იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერნეტი გაგვიჭირდა. მე პირადად ვრთავ ხშირად 2-ლარიან პაკეტს, რომელიც სწრაფად იწურება და ამ წუთას იმისთვის, რომ ხვალ შეხვედრები ჩავატარო ონლაინ წამოვედი ბათუმში, რომ უწყვეტ რეჟიმში მივაწოდო სახალისო რესურსები ჩვენ მოსწავლეებს.

პედაგოგებს გვაქვს კორპორატიული ნომრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაგვიძვირდა. პაკეტი რომლითაც 5 ლარად ვყიდულობდით რამდენიმე გიგაბაიტ ინტერენეტს, ის რომ გვქონდეს მასწავლებლებს, სირთულეები არ შეიქმნებოდა.

ახლა ისე მოხდა ყველაფერზე ყველა ვთხოვთ რაღაცას სახელმწიფოს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, რომ კერძო სექტორი ბიზნესი ამ ყველაფერში სახელმწიფოს დაეხმაროს”, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.