ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა

პუბლიკა

ხუდონჰესის ინვეტორ კომპანიასთან, „ტრანს ელექტრიკასთან” ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა და ამის გამო ეკონომიკის სამინისტრო საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულების ვადას კიდევ ახანგრძლივებს, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თუნავამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობასა და ხუდონჰესის ინვესტორ კომპანია Trans Electrica-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მორიგების მიზნით შეწყვეტის გადაწყვეტილება მთავრობამ 1 წლის წინ მიიღო.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად 2020 წლის 20 მაისს სამინისტროსა და გერმანულ იურიდიულ კომპანია Hogan Lovells International LLP-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე. ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო მომსახურების გაწევის ვადა.

როგორც დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, 14 დეკემბერს მომსახურების ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხდა ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა და საჭიროება დადგა მომსახურების გაწევის ვადის გაგრძელება 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად ხელშეკრულების ვადის გადაწევაც.

საკონსულტაციო კომპანიასთან გასაგრძელებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 118 000 ევროა.

რატომ წყვეტს ხელშეკრულებას სახელმწიფო ინვესტორთან? – თურნავას განმარტება

„2011 წელს იყო დადებული შეთანხმება ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან” ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდგომ და ეს პროექტი ვერ განხორციელდა.  რა თქმა უნდა, აქ არ არის ერთი კონკრეტული მიზეზი მხოლოდ კომპანიის მხარეს, აქ არის ნაკრები სხვადასხვა მიზეზის, მათ შორისაა პროექტის სირთულე, რა თქმა უნდა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით შევუთანხმდეთ ინდურ ინვესტორს, რომ თანდათან მოვშალოთ მათთან ეს შეთანხმება.

აქ რომ იყოს მხოლოდ მათი ბრალეულობა, ხისტად წავიდოდით ამ კონტრაქტის მოშლაზე, მაგრამ ვინაიდან ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ორივე მხარეს არის, მათ შორის არის მოსახლეობის თემა, პროექტის სწორი სტრუქტურირება და ა.შ. ჩვენ – ორივე მხარემ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის და იმ აქტივების სახელმწიფოსთვის დაბრუნება… აღარ აქვს ინტერესი ინვესტორს, რადგან 10 წლის განმავლობაში ვერ განახორციელა”, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება გეგმებს ხუდონჰესთან დაკავშირებით, როგორც მინისტრი ამბობს, ამ პროცედურების შემდეგ იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ იქნება უმჯობესი პროექტის განხორციელება.

„პირველ ეტაპზე ჩვენ ამ კონსულტანტების დახმარებით, ვისთანაც ვახანგრძლივებთ წლის ბოლომდე საკონსულტაციო შეთანხმებას, ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი ამ ძალიან დიდი სტრატეგიული პროექტის განხორციელება.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ალბათ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც გახდეს”, – აღნიშნა თურნავამ და დასძინა, რომ ხელშეკრლების მოშლის შემდეგ „გვექნება საშუალება, ძალიან გამჭვირვალედ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე”.


როგორც შესყიდვების ვებგვერდზე წერია, რომ „პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ დღემდე ვერ შეძლო პროექტის განვითარება, ვერ უზრუნველყო გარემოსა და სოციალური კვლევების სრულად განხორციელება, ასევე ადგილობრივ და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ნაწილთან კომუნიკაცია, რაც მნიშვნელოვანია საკვლევ ტერიტორიაზე სამუშაოების განსახორციელებლად.

არსებული სიტუაცია ნათლად მეტყველებს, რომ ზემოაღნიშნული კომპანია ვერ ახერხებს პროექტის განხორციელებას და მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს ალტერნატიული გზები, მათ შორის ხუდონის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება სახელმწიფოს მიერ, რაც შეიძლება უფრო ეფექტურიც იყოს, როგორც პროექტის დაფინანსების ასევე, მისი დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ფასთან მიმართებაში უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის გათვალისწინებით”.

ამასთან, იქვე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ამ დრომდე ვერ მიაღწიეს Trans Electrica Limited (BVI)-ს და შპს „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ მორიგების შესახებ შეთანხმებას, საჭიროა, მოლაპარაკებები გაგრძელდეს შემდგომ პერიოდებშიც.