ხულოსა და სურამში მეწყრის გამო ათობით ოჯახია ევაკუირებული

პუბლიკა

ხულოს მუნიციპალიტეტსა და სურამში წუხელ დაწყებული მეწყრული პროცესების გამო ათობით ოჯახია ევაკუირებული.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტაიშვილის ცნობით, წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა და ელოდებიან გეოლოგების შეფასებას.

„წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ გავრცობილა ისევ ისეა ეს მასა შეჩერებული. გეოლოგები ჩამოსულები არიან, ადგილზე იმუშავებენ…

წუხელ მოვახდინეთ აქ მცხოვრები ხალხის ევაკუაცია. დაახლოებით, 40 ოჯახია გადაყვანილი. 10 ადამიანი მოვათავსეთ სასტუმროში“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ევაკუირებულია 35 ოჯახი.

„სოფელ ყინჩაურში დარიკო ცეცხლაძისა და ლევან შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მეწყერი განვითარდა.

მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განავლობაში გრძელდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხეხრხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანი სოფელ ყინჩაურში არსებული სამანქანე ხიდი და მიმდებარე ტერიტორია. ამდროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის აღდგენის მიზნით, მალე დაიწყება საჭირო ღონისძიებები.

ამდროისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სტიქიური კერებიდან 35 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას. მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობას აგრძელებს საგანგებო რეჟიმში. მერიაში, 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


ბაღდათის რაიონში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში პროგნოზირებული იყო ამ სოფელსა და ბაღდათის სხვა სოფლებში მეწყრის საშიშროება. სააგენტო გასულ წელს აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი გააცნეს როგორც მუნციპალიტეტებს, ასევე სამთავრობო უწყებებს, თუმცა გუშინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ, ტერიტორია თუ მეწყერსაშიში იყო.

მანამდე, 6 თებერვალს ხულოში ზვავს, ხოლო ქედაში მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე დღეს მოლითში მეწყრის გამო „რკინიგზამ“ დასავლეთ საქართველოს რეისები გააუქმა.

2023 წელს შოვსა და გურიაში, აგვისტო-სექტემბერში სტიქიას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 33 ადამიანი, ნაპოვნია 32 ცხედარი.

გურიაში კი, 8 სექტემბერს მეწყერში მოყვა 3 ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი.