საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც მმართველი პარტია „კულისებიდან ბევრი თემის გამოსატანად“ დატოვა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ხუნდაძე წერს, რომ სააკაშვილმა რუსეთი კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახადა და „ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში“.
ხუნდაძე წერილში აგვისტოს ომზე დასავლური ქვეყნების ლიდერების განცხადებებს აფასებს და წერს, რომ „მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში“.
„იმას, რასაც დღეს ვკითხულობთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებში, მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში. მესმის, დღეს დასავლეთს ასე სჭირდება, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუკი გლობალური პოლიტიკის რაკურსი კვლავ შეიცვლება? ეს არის ის კითხვა, რის გამოც გადავწყვიტეთ, ხალხთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ალბათ ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სიდიდე არ განსაზღვრავს მის პოლიტიკურ დატვირთვას“, – წერს ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ „ძლიერ მტერს მხოლოდ გონიერებით თუ დავამარცხებთ“.
2008 წლის აგვისტოს ომი 14 წლისთავს არაერთი დასავლელი ლიდერი გამოეხმაურა განცხადებით, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.