ხუნდაძე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს

პუბლიკა

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად 200 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

მისი თქმით, პარლამენტში დღეს ვერ მოაგროვებენ მხარდამჭერი დეპუტატების საჭირო რაოდენობას, კანონპროექტის ინიცირებისათვის და საჭირო გახდა ხალხში გასვლა ხელმოწერების შესაგროვებლად. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღეს არავინ ეკითხება, როგორი სისტემა უნდა იყოს. მსჯელობენ ამაზე ექსპერტები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა, ვინც, ვთქვათ, თავის პერსპექტივას მხოლოდ ამ გზით ხედავს. არავინ არ ეკითხება ხალხს, საზოგადოებას, რა უნდა. არა და მთავარი და ძირითადი წყარო ხელისუფლების უნდა იყოს ხალხი, პირველ რიგში მათ უნდა ვკითხოთ და აი, სწორედ ჩვენ გავდივართ ველზე, რომ ვკითხოთ ხალხს, გავამყაროთ ის აზრი, რომ ქვეყნისთვისაც და მათთვისაც – ამომრჩევლისთვისაც არის ეს სისტემა მისაღები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.