ხვალ, 8 მარტს „ათასი მშობლის მარში“ გაიმართება

პუბლიკა

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს 17:00 საათზე, „მომისმინე – პროტესტის 100 დღე“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქცია ,,ათასი მშობლის მარში“ გაიმართება.

კამპანია აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმიანებიან ბოლო დროს განვითარებულ მოველენებს, გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს.

ქალაქებში – თბილისი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ხარაგაული, ახალციხე, რუსთავი, მარნეული და თელავი, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით.

თბილისში მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება. აქციის მონაწილეები მოთხოვნებს კანცელარიის წინ საჯაროდ გააჟღერებენ.

მოთხოვნები შემდეგია:

– შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

– შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

– გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

– გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

– დადგეს 14 წლის გოგოს, ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.