ხვალ მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება, ხაზარაძე – ჯაფარიძე – წერეთლის საქმეზე. როგორც ის ამბობს, სასამართლომ გამოიტანა „ფეიკ“ განაჩენი.

მიხეილ სააკაშვილი  ასევე წერს, რომ ხვალ სასამართლო სხდომას დაესწრება.

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ-განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა, როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს“ და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დასტყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო „სასამართლომ“, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. „მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო“ – ასეა ზუსტად ამ „მთავრობის“ და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ, მე მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს.
შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, – წერს სააკაშვილი.


„თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მათი სასჯელი გაუქმდა.