ხვალ, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ჩაატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს.
ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. საჯარო წყაროებით არ იძებნება მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს.
საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.
როგორ კომპლექტება საარჩევნო კოლეგია?
- საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატი („ოცნება“ 89 წევრი)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი („ოცნება“ 13 წევრი)
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი
- საკრებულოებიდან 109 წევრი (ოპოზიციურ პარტიებს 55 წევრის წარდგენის უფლება ჰქონდათ, თუმცა მათი ბოიკოტის გამო ეს ადგილებიც „ოცნებამ“ შეავსო)
შესაბამისად, როგორც აღინიშნა, „ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 20 წევრი და ოპოზიციურ პარტიებს, პარლამენტიდან და აჭარის უმაღლესი საბჭოდან, 69 წევრი. ოპოზიცია აცხადებს, რომ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.
ღია კენჭისყრა პარლამენტის შენობაში დილის 9 საათზე დაიწყება და მაქსიმუმ, 14:00-ზე დასრულდება. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს პრეზიდენტს, შესაბამისად, ინაუგურაცია ვერ იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა 30 ნოემბერს.
ამავე პოზიციაზე არიან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს:
„სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, – აცხადებენ ისინი.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.
როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.