პაპუაშვილი: [დასავლეთის ქვეყნები] დღეს საუბრობენ იმაზე, რომ აქციის მოძალადე წევრმა ჩალურჯება მიიღო?

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებს გამოეხმაურა.

პოლიციის მიერ ნაცემ დემონსტრანტებზე მან თქვა, რომ „აქციის მოძალადე წევრმა ჩალურჯება მიიღო“.

ეს შეფასება პაპუაშვილმა გამოიყენა თბილისში მიმდინარე აქციების კაპიტოლიუმის შტურმსა და ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციებთან მანიპულაციური შედარებისას.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართულმა შსს-მ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა.

„ქართულმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტით, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და ჩვენი შსს მზად არის, ნებისმიერი ქვეყნის შსს-სთან დაჯდეს და დეტალურად განიხილოს ის ტაქტიკა, რომლითაც მოქმედებს ქართული პოლიცია და ვნახოთ, თუნდაც საჯაროდ განვიხილოთ, ვინ მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით. […]

…კაპიტოლიუმის აქციაზე, თუ არ ვცდები, 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, იგივე იყო საფრანგეთში, 14 ათასი ადამიანი დააკავეს და დღეს საუბრობენ 300 დაკავებულზე საქართველოში? 11 ადამიანი მოკვდა [საფრანგეთში] და დღეს საუბრობენ იმაზე, რომ აქციის მოძალადე წევრმა ჩალურჯება მიიღო?

წარმოუდგენელია, რასაც ეს ბოლო 2 კვირა ვაკვირდებოდით, იმ რეაქციებს, როდესაც მასობრივი ძალადობა წარმოგვიჩინეს, როგორც მშვიდობიანი აქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით შსს-მ ასობით დემონსტრანტი დააკავა. მათი უმრავლესობა  ნაცემია და სამართალდამცველების მხრიდან სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც.

სახალხო დამცველის ბოლო განცხადებით, მისმა ოფისმა მოინახულა 352 პირი, მათგან 226 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.

„შემაშფოთებელია, ის მეთოდები, რომლებსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავებისას.

საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე, მათი მითითების მიღმა აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში“, – აღნიშნა იოსელიანმა 5 დეკემბერს.

„ინგოროყვას კლინიკაში ვიყავი, სადაც სასტიკად ნაცემი ადამიანები ვნახე. მრავალჯერ გავაკეთე განცხადება, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ასეთი სასტიკი მეთოდების გამოყენება ადამიანების მიმართ, არის დანაშაული. მათი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“, – განაცხადა იოსელიანმა 3 დეკემბერს.

„მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს“, – განაცხადა იოსელიანმა ასევე 3 დეკემბერს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები საუბრობენ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე.

„იყო ძარცვა, იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურების მუქარა. ქალების მიმართ იყო ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალურ ნიადაგზე, ასევე ძარცვის შემთხვევები, წყლის შესხმის შემთხვევები, სხეულის ნაწილების მოტეხვის მცდელობა და ამისი მუქარა, იარაღით მუქარა. კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი, რადგან ბევრი მსხვერპლი ჯერ ვერ საუბრობს იმდენად დიდი სტერსი აქვთ მიღებული“, – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.