მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე ბოლო 10 დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს, თუმცა ამ დრომდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულის ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში მედიას უწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის.
„10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქართული მედიის მიმართ და შევახსენოთ ყველას კრიტიკული ჟურნალისტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის, – შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.
დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია კრიტიკული მედიის როლი, რომლის დადუმებას ძალის გამოყენებით ცდილობს „ქართული ოცნება“ სამართალდამცავებისა და „ტიტუშკების“ მეშვეობით.
ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.
საქართველოში მედიის თავისუფლება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ყველაზე უხეშ მცდელობებს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დანაშაულთა დაუსჯელობის ტენდენციას.
ქართულ მედიაორგანიზაციებს არსებობა უწევთ „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადებისა და „რუსული კანონით“ გაუქმების საფრთხის პირობებში, მცირე ეკონომიკური შემოსავლების და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მედიის ნაწილი ერთგულად აგრძელებს მაკონტროლებელი ფუნქციის – მეოთხე ხელისუფლების როლის შესრულებას, სიმართლისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. არაერთხელ ითქვა, რომ მედია დემოკრატიის საფუძველია.
ის ერთადერთი პასუხისმგებლიანი საშუალებაა, საზოგადოების თითოეულმა წევრმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოხატოს აზრი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. წლების მანძილზე მინიჭებული, შეუცვლელი ფუნქციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ და დავიცვათ მედიის ყველა წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მათ შეუფერხებლად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ადამიანების ინფორმირება საქართველოში.
დაბოლოს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის. გვჯერა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა სიტყვის თავისუფლებაზე გადის.
ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას.
სახელმწიფო ვალდებულია, დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო.
„მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მხარდაჭერას. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!“, – ნათქვამია განცხადებაში.