2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს, 10 საათიდან დაიწყება, – ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით გამოვლენილ 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს, იგივე პრინციპით შერჩეული 12 მთვლელი 2 დღის განმავლობაში დაითვლის.
მისივე ინფორმაციით, გადათვლის პროცესი პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარიმართება.
გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შემოწმების ინსტრუქციის პროექტი გააცნო.
ინსტრუქციის განხილვის შემდეგ, კომისიამ წარმოდგენილი პროექტი დაამტკიცა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი საარჩევნო უბნები გამოვლინდა.