არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში 4 დეპუტატი იქნება

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ იმსჯელა.

არსებული მოცემულობით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 4 წევრით.

პროპორციული კვოტები კი ასე განისაზღვრა – ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2 წევრი, უფრაქციო პარლამენტის წევრი 2 წევრი.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს.

„მაშინ, როდესაც ამ პარლამენტში სამართლებრივი თვალსაზრისით დღესაც კი არის 8 ოპოზიციური გაერთიანება წარმოდგენილი, მინიმუმ ოპოზიციისთვის 8 ადგილი უნდა იყოს აქ და ამაზე ისინი უარს ამბობენ. იმედი მაქვს, რომ „მოქალაქეები“ მაინც შემოუერთდებიან ამ კომისიის საქმიანობას და ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კომისიის შემადგენლობას გავზრდით. ეს კარი ღიაა იმ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც დღეს გარედან უყურებენ საპარლამენტო საქმიანობას. მათი ეს პოზიცია კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რაზეც ისინი საუბრობენ არჩვენების გაყალბებაზე ეს ყველაფერი არის მათ მიერ შეთხზული და მოგონილი სცენარი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ნოემბრიდან მოყოლებული ისმის ოპონენტების მხრიდან მოწოდებები და უარგუმენტო და უსაფუძვლო განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა და „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ამას ემატება ისიც, რომ ამ კომისიაში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, რაც სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუკი სხვა ოპოზიციური წარმომადგენლები არ მოისურვებენ მონაწილეობას, ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ და კომისიამ განახორციელოს სრულმასშტაბიანი შესწავლა. ასევე, არ არის აუცილებელი კომისიის წევრობა, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ადგილობრივს თუ საერთაშორისოს, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდებთ, თუკი რაიმე მამხილებელი ფაქტები და მასალები აქვთ, კომისიის წინაშე წარადგინონ და კომისია დეტალურად შეისწავლის მათ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile