ხვალ პარლამენტთან 11 საათზე მორიგი აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

ხვალ, პარლამენტთან 11 საათზე მორიგი აქცია დაიგეგმა, – ამის შესახებ მიმდინარე აქციაზე წამყვანმა ნოდარ ჩაჩანიძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში ხვალ ბიუროს სხდომა  და პლენარული სხდომა ჩაინიშნა.


თბილისში 7-8 მარტს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

ხელისუფლების ამ განცხადების შემდეგ იურისტებმა განმარტეს, რომ კანონპროექტების გამოწვევა არ ხდება და პირველი მოსმენით მიღებული პროექტი მეორე მოსმენაზე უნდა ჩავარდეს, ხოლო მეორე კანონპროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე ჯერ არ განუხილავთ, უკან გაიხმონ.

მოქალაქეები, რომლებიც კანონპროექტებს აპროტესტებდნენ, რუსთაველის გამზირზე 9 მარტს კვლავ შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ არ ენდობიან ხელისუფლებას და სურთ, დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი პროცედურები მათი მოთხოვნების შესასრულებლად – პარლამენტმა რუსულ კანონს კვლავ უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ.