ხვალ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პუბლიკა

ხვალ, 15 დეკემბერს ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან 11:00 საათიდან, შემდგომ კი მანქანების მარშით წავლენ საოკუპაციო ხაზისკენ, სოფელ ოძისში.

„შეკრება მოხდება მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, ყოველგვარი პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად. აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გავაკეთებთ მცირე მიმართვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში სახლში იქნება და მალე გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის“,- წერს გაფრინდასვუილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი facebook-ის პირად გვერდზე. 

გუშინ გაფრინდაშვილის ოჯახმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნა მოითხოვა.

13 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.