ხვალ საქართველოში ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

პუბლიკა

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე, მთავრობის წევრებთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან.

განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ.

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ.

ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.