ხვალ უნდა გვაცნობონ, გვეძლევა თუ არა ნამოხვანში დაბრუნების შესაძლებლობა - გოლეთიანი

პუბლიკა

დასრულდა „რიონის ხეობის მცველების“ მორიგი შეხვედრა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მთვარობის წარმომადგენლები.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „რიონის ხეობის მცველებს“ ხვალ, 19 ივნისს ადგილობრივ ხელისუფლებასთან  ექნებათ კომუნიკაცია, რათა მიიღონ ინფორმაცია, ექნებათ თუ არა პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანში შესვლის შესაძლებლობა. მისივე თქმით, შესაძლოა, ხელისუფლებამ მათ ალტერნატიული ადგილიც შესთავაზოს.

„ხვალ უნდა იყოს ცნობილი, გვეძლევა პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა, თუ არა. ან ის ალტერნატივები, რასაც გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ალტერნატიულ შემოთავაზებებსაც განვიხილავთ, თუმცა ჩვენი უპირობო მოთხოვნაა, რომ იმ ადგილზე დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით. თუ ეს პირობები შესრულდებოდა, ჩაინიშნებოდა მეორე შეხვედრა, სადაც განვიხილავდით სამუშაოების შეჩერების საკითხს, თუმცა ჯერჯერობით ფერხდება პროცესი. ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი პუნქტია შესრულებული – ვგულისხმობ ბარიკადების აღებას. სხვა პირობები კი შესრულებული არ არის – არც დაკავებულებთან დაკავშირებით გაუკეთებია პროკურატურას განცხადება, არც ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნება არ მომხდარა, არც გზა გაუთავისუფლებიათ, ამიტომ ჩვენ კონსტრუქციული ვართ და მივყვებით პროცესს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ამ დრომდე მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთი პირობაა შესრულებული, ბარიკადების მოხსნა კი არაფერს ცვლის, რადგან პროტესტის მონაწილეებს კვალავაც არ ეძლევათ ნამოხვანში შესვლის შესაძლებლობა.

„დღეს როგორც მოვისმინეთ, თურმე კომპანია უარს აცხადებს ჩვენს იქ შესვლაზე, ამბობს, რომ ეს არის მისი კერძო საკუთრება, ამასთან დაკავშირებით მთელმა საზოგადოებამ იცის დეტალები“, – განაცხადა გოლეთანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ კომპანიის სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის გადააგილებას კვლავაც შეაფერხებენ პროტესტის მონაწილეები. გოლეთიანის თქმით, მედიაცია ვერ დაიწყება, სანამ წინაპირობები ბოლომდე არ შესრულდება.

„შემდეგი შეხვედრის თარიღი 2 დღეში გვეცოდინება, განსახილველი საკითხები მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა გოლეთიანმა.


ნამახვანჰესთან დაკავშირებით 12 ივნისს ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე წერდა:

შეხვედრაზე მედიაციის წინაპირობად დასმული იყო სამი საკითხი:

1. რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, ამ რაოდეობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა;

2. პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადილზე;

3. ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე.

შეხვედრის შედეგად შეთანხმება მიიღწა შემდეგზე:

1. პარასკევამდე მთავრობა იტყვის დააკმაყოფილებს თუ არა პირველ ორ პირობას: გაიყვანს თუ არა ამ რაოდენობის პოლიციას ხეობიდან, მოხსნის თუ არა ხეობის ბლოკირებას და მისცემს თუ არა პროტესტს ნამოხვანში გადანაცვლების შესაძლებლობას;

2. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ხეობაში სამუშაობების შეჩერებაზე.

3. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება მედიაცია რომელიც ნამახვანჰესის პროექტის ყველა საკითხს შეეხება მათ შორის, ხელშეკრულებების პირობებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.