ხვალიდან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებზე გასვლა შესაძლებელი იქნება - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება.

„17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 თებერვალს, 24:00 საათიდან ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას“, – აცხადებს შსს.

მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებზე უწყება აცხადებს, რომ განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტრულ ერთეულში.