ხვალიდან პეკინზე და მიმდებარედ ზონალური პარკირება ამოქმედდება | მერია ტარიფებზე საუბრობს

პუბლიკა

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებთან ერთად, პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისa და შშმ პირებისთვისაც, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მოსული ადამიანებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი იქნება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).

მუნიციპალური პავილიონების პარალელურად, ფასიანი პარკირების ადგილებში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები ავტომობილების მფლობელებს საათობრივი პარკირების საფასურის გადახდაში, ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობაში, აპლიკაციის ჩამოტვირთვაში, რეგისტრაციასა და პარკირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან“, – განაცხადა კალაძემ.