ხვალინდელ საბჭოზე ვიმსჯელებთ ვაქცინაციისთვის შემდეგი ჯგუფის დამატებაზე – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ ვაქცინაციის პროცესში შემდეგი ჯგუფების დამატების შესახებ.

„ხვალ არის, როგორც იცით, საბჭო. საბჭოზე ჩვენ ვიმსჯელებთ შემდეგი ჯგუფის დამატებაზე და, შესაბამისად, ერთობლივად გამოვიტანთ დასკვნას ამასთან დაკავშირებით, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის წინასწარ არის ცნობილი, გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაცია საგრძნობლად გაიზარდა უბედური შემთხვევის შემდეგ და ასევე საკმაოდ აქტიურები არიან ჩვენი პენსიონრები, ალბათ, პირველ რიგში დაველოდებით და მათ მივცემთ საშუალებას, რომ ისარგებლონ იმ პრიორიტეტული რიგით, რომელიც მათ ეკუთვნით და რომელიც საბჭომ მიანიჭა“, – განაცხადა მინისტრმა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამიზნე ჯგუფი სამედიცინო პერსონალია. მათი ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.

დღევანდელი მონაცემებით, სულ აცრილია 5 706 ადამიანი.