კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას - კალაძე

პუბლიკა

„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ და ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ, მეგობრებო, ეს ჩემი ვალი და ვალდებულებაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანების მონახულება, რომლებიც ვაკის პარკში მომხდართან არიან დაკავშირებულნი, მისი ვალდებულებაა და ის შეხვდება ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა და ბავშვების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.

„ეს ჩემი ვალი და ვალდებულებაა და არა მხოლოდ, როგორც დედაქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ, და ყველას ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. აუცილებლად ვეტყვი მადლობას ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა. თითოეულ ექიმს, თითოეულ ექთანს, ყველა ადამიანს.

აქვე, ბოდიშის ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი მონახულება, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად ვესტუმრები მასაც“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გასულ დღეებში მოინახულა დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად წყალში ჩავარდნილი ბავშვები გადაარჩინა და ბავშვი, რომელიც 13 წლის მარიტა მეფარიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.

თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. 18 ოქტომბერს შსს-მ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები და ექსპერტები დააკავა.