კიდევ ერთი ანტიდასავლური ძალა – ვატო შაქარიშვილი ახალ მოძრაობას აფუძნებს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოსა და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ მოძრაობას აფუძნებს, სახელწოდებით, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. როგორც შაქარიშვილი ამბობს, ეს იქნება კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობა.

ვინ იქნებიან მოძრაობის წევრები, ჯერჯერობით, უცნობია. შაქარაშვილის თქმით, 12 ივნისს დაგეგმილია ღონისძიების გამართვა რუსთაველის თეატრში, სადაც მოძრაობის წევრებისა და მოძრაობის გეგმების შესახებ მეტი გახდება ცნობილი.

უკვე რამდენიმე დღეა „კონსერვატიული პორტალის – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ Facebook-გვერდზე ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. თავად ვატო შაქარიშვილი სამთავრობო-პროპაგანდისტული არხების ეთერის საშუალებით ახალი მოძრაობის შესახებ საუბრობს. გვერდზე ასევე ვრცელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლის, დაჩი ცაგურიას მიმართვებიც. ის სხვადასხვა ეთერში აქტიურად საუბრობს მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე, თუმცა პოზიციონირებს, როგორც ამ მოძრაობის მხარდამჭერი. დაჩი ცაგურია ამჟამად საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მომრავლდა ადამიანების მიმართ ბულინგი, თავდასხმა, შეურაცხყოფა, აგენტო-აგენტოს ძახილი, მხოლოდ იმის გამო, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავენ. ასეთი ელემენტარული რაღაცების გამო შეუძლიათ, ადამიანი ლანძღონ. ვხედავთ, რომ ბოლო დროს, ყოველგვარი ეროვნული გვერდზეა გადაწეული, ამას ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს ძლიერი და ფხიზელი მოსახლეობა”, – თქვა დაჩი ცაგურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ის, ასევე, სტუმრობდა „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძის) გადაცემასაც, სადაც ამ მოძრაობაზე ისაუბრა.

მოძრაობის ლიდერი ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ კონსერვატიული მოძრაობა „ლიბერალური დიქტატის“ წინააღმდეგი იქნება და ქვეყანაში „მშვიდობის შენარჩუნებისთვის“ იზრუნებს.

შაქარიშვილის თქმით, ეს იქნება მძლავრი სამოქალაქო ძალა, „ქმედითი და ეფექტიანი იმ პოლიტიკური განუკითხაობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება და რომელიც, ძირითადად, ორგანიზებულია ქვეყნის გარედან“. 

„12 ივნისის ღონისძიება შედგება რუსთაველის თეატრში, ისტორიულ დარბაზში.  დასწრება არის თავისუფალი. ჩვენ არ გვაქვს პარტიულ-პოლიტიკური ამოცანები, ჩვენი მიზანია არსებული საფრთხეების წინაშე ვიყოთ ორგანიზებული, გვქონდეს ქმედითი ბერკეტები და 2024 წლის არჩევნებამდე ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ მშვიდობიანად.. ქვეყნის გარედან, თუ ქვეყნის შიგნიდან ვერ უნდა მოხერხდეს ქვეყნის არევა და დესტაბილიზაცია”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა, მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში.

შაქარიშვილის თქმით, ახალი მოძრაობის ლიდერი და „სახე“ იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც „ერთგულია ტრადიციული ღირებულებების, საკუთარი ოჯახის, ვისაც უნდა ამ ქვეყანაში მშვიდობა, ვისაც უნდა დაიცვას ეკლესია, რწმენა“.

„ჩვენი მოძრაობა, უარს არ ამბობს პარტნიორობაზე, მაგრამ ძალიან მკვეთრ, გასაგებ უარს ამბობს ვასალობაზე, მონობაზე და სხვისი ინტერესების მსახურებაზე – ეს იქნება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მთავარი სათქმელიც”, – თქვა ვატო შაქარიშვილმა.

„პუბლიკა“ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში წერდა, რომ „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ ამ სახელწოდებით ანტიდასავლური პორტალი შეიქმნა. პორტალიც, მაშინ ვატო შაქარიშვილმა წარადგინა. პორტალის პრეზენტაციაზე სიტყვით გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და გოგა ხაინდრავაც გამოვიდნენ.

პორტალის მიზანი, როგორც მაშინ განმარტეს, იყო მკითხველისთვის „ნამდვილი ამბების“ და მოსაზრებების გაზიარება, რომლებიც „ლიბერალების მიერ თავს მოხვეული დღის წესრიგის მიღმა იქნებოდა“.

პორტალის დამფინანსებლებზე ამბობდნენ, რომ იყვნენ ის ადამიანები, „ვისაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, დასრულდეს ლიბერალური დიქტატი და ადამიანებმა მიიღონ მიუკერძოებელი ინფორმაცია“.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მსგავსი პორტალის არსებობა რუსულ დეზინფორმაციასა და ხელისუფლების პროპაგანდას დაუკავშირეს.


ვატო შაქარიშვილი „ოცნების“ მხარდამჭერია და ყოფილი წევრი. ის 2017 წელს საბურთალოს რაიონში „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო თვითმმართველობის არჩევნებში და გაიმარჯვა, თუმცა თბილისის საკრებულო  და „ქართული ოცნება“ მან 2019 წლის 11 აპრილს  დატოვა. ამის შემდეგ ვატო შაქარიშვილმა გია გაჩეჩილაძესთან ერთად მოძრაობა „აი ია“ დააფუძნა. ბოლოს ის გამოჩნდა და სიტყვით გამოვიდა „უცნობისა“ და ყოფილი დეპუტატის და მსახიობის ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებით გამართულ აქციაზე – „მოვდივარ“. ანტიდასავლური გამოსვლებითა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამორჩეული აქცია რესპუბლიკის მოედანზე 30 აპრილს გაიმართა.