„სიმართლის სალაპარაკოდ და ლიბერალების წინააღმდეგ“ ახალი ანტიდასავლური პორტალი შეიქმნა

პუბლიკა

„საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – ამ სახელწოდებით ახალი ანტიდასავლური პორტალი შეიქმნა. „კონსერვატიული პორტალი“, როგორც შემქმნელები უწოდებენ, გუშინ „აი იას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარაშვილმა წარადგინა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უცნობი (გია გაჩეჩილაძე) და გოგა ხაინდრავა.

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ პორტალი თანამოაზრეებთან ერთად შექმნა. როგორც მან მედიას განუცხადა, პორტალზე მკითხველს შესთავაზებენ „ნამდვილ ამბებს, ფაქტებსა და მოსაზრებებს, რომლებიც არის ლიბერალების მიერ თავს მოხვეული დღის წესრიგის მიღმა“.

მისი თქმით, პორტალს „ის ადამიანები აფინანსებენ, ვისაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, დასრულდეს ლიბერალური დიქტატი და ადამიანებმა მიიღონ მიუკერძოებელი ინფორმაცია“.

„წალეკეს ვითომ ლიბერალებმა არემარე, სულ ეგენი არიან და მაგათი აზრი არის ისეთი, რომელიც უალტერნატივოა, ასე თვლიან და ჩვენ არ გვაქვს ხმის ამოღების უფლება და არ მოგვწონდეს კი არა, ვალდებულები ვართ, მათი ნააზრევი იყოს ნორმა. ეს სივრცე იქნება მათთვის, ვინც სხვანაირად ფიქრობს“, – განუცხადა „იმედს“ პორტალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა სანაძემ.

„უცნობმა“ იმედს განუცხადა, რომ პორტალის ამოცანა, მისი აზრით, სიმართლის ლაპარაკი იქნება.

პორტალი უკვე ჩაშვებულია. ვებგვერდზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე მასალაა განთავსებული, რომელიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს, უკრაინაში რუსეთის ომს, ევროკავშირს და ქართულ პოლიტიკას შეეხება.

ვებგვერდზე მთავარ ამბად გამოტანილია ამერიკელი კონგრესმენის განცხადება: „არც ერთი დამატებითი ცენტრი უკრაინას!“. ერთ-ერთი მასალის მიხედვით კი კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ რუსეთი იმიტომ უნდა გაანადგურონ, რომ ის მართლმადიდებლური ქვეყანაა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების უმეტესობაში ინფორმაციის პირველწყარო არ არის მითითებული.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მსგავსი პორტალის არსებობას რუსულ დეზინფორმაციასა და ხელისუფლების პროპაგანდას უკავშირებენ.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მედიასთან აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს რუსულ დეზინფორმაციას.

„ჩვენ პირიქით გვინახავს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან რუსულ პროპაგანდას და რაც შეეხება ანტიდასავლურ განცხადებებს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგანაც კი მოგვისმენია. ძალიან რთულია, სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრო რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, როცა პირიქით გვინახავს, მათ შორის, პარლამენტის წევრები როგორ არიან ღიად ჩართული ანტიდასავლურ კამპანიაში“, – აცხადებს დოლიძე.

GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი კი ფიქრობს, რომ ანტილიბერალური გამოვლინებები „ოცნების“ ბრძოლაა დემოკრატიის მიერ მიღწეულ სიკეთეებთან.

„ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც უკავშირდება საქართველოში ანტილიბერალური ქოლგის ქვეშ აქტივობებს, რეალურად  ნიშნავს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ყველაფერთან, ყველაფერ ღირებულთან, რომელიც არის დემოკრატიის შედეგი ქვეყანაში.

„ოცნება“ ცდილობს, ეს სიკეთეები თარგმნოს საზოგადოების შიშებად და შემდეგ ამაზე აპელირებით თავს დაესხას ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – განაცხადა GDI-ის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile