„კიდევ ერთი მკაცრი გზავნილი" | „ეს ვერაფერს დააკლებს ქვეყანას" - შეფასებები თავდაცვის აქტის შესწორების პროექტზე

პუბლიკა

შეერთებული შტატების სენატი 2021 საბიუჯეტო წლის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს. ბიუჯეტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა. შესწორების პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებზე და ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე.

შესწორების პროექტის ინიცირებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელები „კიდევ ერთ მკაცრ გზავნილად აფასებენ”, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს ინიცირება შესაბამის გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს.

„ინიცირება ცვლილებას არ ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება შესაბამის გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების პროექტზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობა შეასრულა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ორშაბათს დასრულდება.

„ინიცირება ცვლილებას არ ნიშნავს. შეუძლია, ნებისმიერ დეპუტატს, მაგალითად ადა მარშანიას, ან მე, ან ნებისმიერ ჩვენგანს დავაინიციროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილება შევიდა. ეს არის ერთი ჩვენი კოლეგის, სხვათაშორის საპატივცემულო კოლეგის მოსაზრება და ეს გამოიხატა ინიცირებაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება შესაბამის გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს, რადგან ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს ხოლმე, როგორც ხშირად ხდება ამ ბოლო დროს ცალკეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაცია, ვიღაცის სუბიექტური დამოკიდებულება, როგორც ნახეთ ერთ შემთხვევაში კონგრესმენის განცხადება, რომ იყო სტაფერის შედგენილი, შეიძლება უბრალოდ, საკანონმდებლო პროცედურები არ იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ ასე სწრაფ დროში მსგავსი ინიცირება ასახული იყოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ ორშაბათს უკვე პროცესს დავასრულებთ. ყველა პირობა შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„პროექტში შეიძლება შეტანილიყო ასეთი წინადადება, თუმცა ეს არის ბოკერიასა და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი”, – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ცვლილებების პროექტის ინიცირებას.

„მე მაქვს ინფორამცია, რომ გიგა ბოკერია და კომიტეტის აპარატის უფროსი მეგობრობენ, წლებია უკვე. არ ვიცი რა დგას ამ მეგობრობის უკან, თუმცა ისინი მეგობრობენ ერთმანეთთან. პროექტში შეიძლება შეტანილიყო ასეთი წინადადება, თუმცა ეს არის ბოკერიასა და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. როდესაც თუნდაც პროექტში ხვდება ასეთი წინადადება, ეს ბუნებრივია, ვერაფერს ვერ დააკლებს ქვეყანას, სახელმწიფოს და ვერც „ქართულ ოცნებას”. თუმცა ეს გარკვეულწილად მაინც აზიანებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიის ერთ-ერთი ლიდერი”, – განაცხადა კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორი იმდენად არის შეშფოთებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით, რომ „საჭიროდ თვლის ასეთ მკაცრ გზავნილს ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში”.

„ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს. ჯერ თქვა, რომ გოიმებში ნომერ პირველიაო, ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს. პირველი კომპლიმენტი მივიღე, მეორეს, სამწუხაროდ, ვერ დავიბრალებ, არ მაქვს ამხელა გავლენა”, – თქვა ბოკერიამ.

„ვერ წარმომიდგენია უფრო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან, ვიდრე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება”, – თავდაცვის აქტის შესწორების პროექტს ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

„მე მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს, ან შეასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას, გაათავისუფლებთ გიორგი რურუას და მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან თქვენ ღიად და აშკარად აცხადებთ, რომ მათ შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა აშშ-სთან თქვენის აღარ არის პრიორიტეტი. მაშინ ქართველი ხალხისთვის ნათელი გახდება, რა არის ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი”, – განაცხადა სამადასვილმა.