კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციის დროს ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომლებიც მთავრობას ჰქონდა 2021 წელს.

„კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება“, – განაცხადა მან თუმცა ამ ინიციატივაზე ვრცლად არ უსაუბრია.

„ასევე ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების ფასებზე მისდგომა შეიცვალოს. ამ მიმართულებით მოლაპარაკება დაწყებულია ბიზნესთან და მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს“, – განაცხადა პრემიერმა.

ის შეეხო ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რომლის შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტით, აიკრძალება რეკლამა, შედგება დამოკიდებულ პირთა სია, ცვლილებები შევა დაბეგვრის სისტემაშიც.

პრემიერის მტკიცებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა შეეხებათ სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც თვითშეზღუდვის მექანიზმს გამოიყენებენ.

მისი მტკიცებით, ეს ინიციატივა „არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს“.

„რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.