კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთის მეზობელ რესპუბლიკებში გადაზიდვის თაობაზე კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას. საგარეოს ცნობით, მინისტრის მოადგილე რიგ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.

ლაშა დარსალია განმარტავს, რომ ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციისთანავე შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთის ტრანზიტი როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ხოლო ფრენა, საქართველოს ხელით არსებული ინფორმაციით არის ჰუმანიტარული, სამოქალაქო ხასიათის და შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს.

„საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთის ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა, განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენა, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის, კომერციული ტვირთის გატარების მხრივ“, – ამბობს ლაშა დარსალია.