საქართველომ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გატარებაზე - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

პუბლიკა

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას”, – განაცხადა ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა.

საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვებზე და აღნიშნეს, რომ ის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით.

„გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება.

ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ.

ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია – სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.