კიევი გადავიდა თავდაცვით ფაზაში - ვიტალი კლიჩკო

პუბლიკა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქი თავდაცვით ფაზაში გადავიდა.

„ქალაქი გადავიდა თავდაცვით ფაზაში. გარკვეულ უბნებში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. უკრაინელი სამხედროები ანადგურებენ რუსულ ჯგუფებს, რომლებიც დივერსიას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ამ ჯგუფებმა შემოაღწიეს კიევში. მტერს დედაქალაქის დაჩოქება და ჩვენი განადგურება სურს“, – აცხადებს ვიტალი კლიჩკო.

კიევის მერის თქმით, სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინული არმია იცავს დედაქალაქს და მას სჯერა უკრაინელი სამხედროების, მხარს უჭერს და ცდილობს დაეხმაროს მათ. კლიჩკო მოუწოდებს ქალაქის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ობოლონის რაიონში, სადაც გამოჩნდნენ დივერსანტები, რომ სახლებში დარჩნენ. კლიჩკოს თქმით, ქალაქში ერთ-ერთი სარაკეტო იერიშის დროს 4 მოქალაქე დაშავდა.

„მოიმარაგეთ წყალი, საკვები და სხვა საჭირო ნივთები, გაამზადეთ თბილი ტანსაცმელი, პლედები და წაიღეთ თავშესაფრებში“, – მიმართა კლიჩკომ ქალაქის მოსახლეობას.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს კიევში უკრაინულ ფორმებში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს სამხედრო მანქანები და საბოტაჟის მოწყობა სცადეს, უკრაინის სპეციალურმა ძალებმა მათი დევნისა და განადგურების სპეცოპერაცია დაიწყო.

ვრცელდება ცნობები, რომ რუსები ხელახლა უტევენ კიევის მახლობლად გოსტომელის აეროპორტს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ მათ აეროპორტი უკვე ჩაიგდეს ხელში და კიევის დასავლეთ გასასვლელს აკონტროლებენ.