კინემატოგრაფისტები აქციას აანონსებენ და ხუბუნაიას ოფიციალური წერილით მიმართავენ

პუბლიკა

კინემატოგრაფისტებმა, რომლებიც მეორე კვირაა, კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ, დღეს შეხვედრის მოთხოვნით ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ოფიციალური განცხადებით მიმართეს. მათ საპროტესტო აქციაც დაანონსეს, რომელიც ხვალ, 20 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება.

„კინემატოგრაფისტები, ერთკვირიანი „მორიგეობისა“ და ჩაკეტილ კარზე უშედეგო კაკუნის შემდეგ, უკვე ოფიციალური განცხადებით მივმართავთ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კობა ხუბუნაიას და ვაანონსებთ საპროტესტო აქციას“, – აცხადებენ ისინი.

მათივე თქმით, ოფიციალური განცხადებით მოითხოვენ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას იმ დათქმით, რომ ის სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერით გავრცელდეს. კინემატოგრაფისტები შეხვედრას 20 ივნისს, 18:00 საათამდე დაელოდებიან.

„დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან
ერთად შევეხებით ჩვენს მოთხოვნებს:

1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.

2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით“, – აცხადებენ კინემატოგრაფისტები.