საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძისთვის პრიზის გადაცემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გოეთეს ინსტიტუტს პასუხობს და მას „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში ადანაშაულებს.
31 მაისს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენის, გოეთეს მედლის მფლობელი გახდა. გოეთეს ინსტიტუტმა გამოაქვეყნა პრიზიორთა ბიოგრაფია, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსული აგრესიული ომის ფონზე, რუსეთის კრიტიკისა და უკრაინისადმი სოლიდარობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ, გაგა ჩხეიძე 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან.
კინოცენტრი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია „უტიფარი სიყალბეა“ და უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის რეპუტაციას და შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა არა უკრაინის მხარდაჭერისთვის, არამედ აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, რომელმაც ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის ხარვეზები, ნეპოტიზმი და სხვა პრობლემები გამოავლინა. აქვე აღნიშნულია, რომ ამ საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს.
„გამომდინარე აქედან, გაგა ჩხეიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებული ბრალდებები, თითქოსდა რუსეთ-უკრაინის ომთან მის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, სიცრუეა და არანაირი კავშირი არ აქვს არც ელემენტარულ სიმართლესთან და არც მორალთან.
ამ თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგებაც, რომ კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დირექტორიც თავად გაგა ჩხეიძეა, 2022 წელს დააფინანსა 150 000 ლარით, ხოლო 2023 წელს – 125 000 ლარით. იგივე ფესტივალი, კინოცენტრთან ერთად, დააფინანსა 2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომაც 47 000 ლარით. უმარტივესი კითხვა იბადება – თუკი კინოცენტრი უკრაინას არ უჭერს მხარს (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით) და ამ მიზეზით „ჩაგრული“ გაგა ჩხეიძე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ამავე გაგა ჩხეიძეს ფესტივალს რატომ უფინანსებს? ასევე, თუ კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო არ უჭერენ მხარს უკრაინას (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით), ხოლო გაგა ჩხეიძე უკრაინის თავდაუზოგავი მხარდამჭერია, რატომ იღებს ის მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს თავისი ფესტივალისათვის სწორედ ამგვარი სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან?!
დანარჩენი თავად საზოგადოებამ განსაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი შეიძლება ითქვას იმ ე.წ. ღვაწლზე, რომელიც, გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორებს თუ დავუჯერებთ, გაგა ჩხეიძეს ჰქონია ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის წინაშე. გაგა ჩხეიძის ვითომდა ღვაწლის მორიგ თვალსაჩინო მაგალითად, გარდა აუდიტის ზემოხსენებულ დასკვნაში მოყვანილი სერიოზული კანონდარღვევებისა, მის მიერ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, იქ, სადაც იშვა ქართული კინო, „ქართული ფილმის“ ტერიტორიის განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებიც იკმარებდა.
ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების გავრცელების შემდეგ კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისინი ემიჯნებიან ამ პოსტს.
თბილისის კინოფესტივალის დამფუძნებელი, გაგა ჩხეიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენის, გოეთეს მედლის მფლობელი გახდა.
2022 წლის 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
იმავე დღეს ჩხეიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბოლო პერიოდში სამინისტრო კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევა დაიწყო, ის კი მათთან არ თანამშრომლობდა. ის მის გათავისუფლებას იმ განცხადებების უკავშირებდა, რომელიც კინოცენტრის სახელით გააკეთა.