კინოცენტრი ოსკარზე რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს“ წარადგენს

პუბლიკა

2024 წელს „ოსკარის“ 97-ე ცერემონიაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს“ წარადგენს – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოცენტრის ცნობით, ფარული კენჭისყრისას ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს” მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა. სხვა საკონკურსო ნამუშევრებს ხმები არ მიუღიათ.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი).

კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში წარდგენილი იყო ხუთი ფილმი: „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (რეჟისორი და პროდიუსერი – ბექა სიხარულიძე); „კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა“ (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); „ეშმაკის სამოთხე“ (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); „ანტიკვარიატი“ (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და „აპრილი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი).


„ანტიკვარიატი“ 2024 წელს შეირჩა ვენეციის კინოფესტივალის  პარალელურ პროგრამაში „საავტორო დღეები“ (Giornate degli Autori).

27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვენეციის სასამართლოს განჩინების გამო პრესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაუქმდა რუსუდან გლურჯიძის ფილმის, „ანტიკვარიატის“ ჩვენება, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის  პარალელურ პროგრამაში „საავტორო დღეები“ (Giornate degli Autori) უნდა გამართულიყო.

ჩეხეთში რეგისტრირებული მოსარჩელე კომპანია Avantura Film აცხადებს, რომ „ანტიკვარიატის“ ნებისმიერი სახით გაყიდვა და დისტრიბუცია არალეგალურია, რადგან მას არ აქვს სრული თანხმობა ფილმის თანამწარმოებელი თითოეული კომპანიის მხრიდან.

4 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ვენეციის სასამართლომ რუსუდან გლურჯიძეს ფილმის ჩვენების ნება დართო და აღიარა რეჟისორის მორალური უფლებები.

„ეს არის გულისამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში. ფილმი შთაგონებული იყო 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტირებით“, – წერდა კინოცენტრი ფილმის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოცენტრმა EUROPEAN SHOOTING STARS-ზე სალომე დემურია წარადგინა, ჟიურიმ კი სალომე დემურია სწორედ „ანტიკვარიატში“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

19 დეკემბერს კი მსახიობმა თაკი მუმლაძემ დაწერა, რომ 2024 წელს „ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე“ საქართველოს წარმომადგენელი თავად უნდა ყოფილიყო, თუმცა ორი დღის წინ გაიგო, რომ თავისი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა და Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.

„ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე – როგორც იურისტები იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ უკვე ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო“, – წერდა თაკი მუმლაძე.



კინოცენტრის კონკურსში მეორე ადგილზე გასული ფილმი „აპრილი“ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართული ფილმია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი და საერთაშორისო პრესის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.