Shooting Starts-ზე წასვლის შესაძლებლობა დავკარგე, სავარაუდოდ, ჩემი აქტივიზმის გამო - მუმლაძე

პუბლიკა

მსახიობი თაკი მუმლაძე წერს, რომ 2024 წელს Shooting Stars-ზე საქართველოს წარმომადგენელი ის უნდა ყოფილიყო, თუმცა ორი დღის წინ გაიგო, რომ მისი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა და Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.

„ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე – როგორც იურისტები კვლავ იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო.“ – წერს თაკი მუმლაძე.

EFP EUROPEAN SHOOTING STARS არის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამა, რომელიც მსახიობებს ეხმარება გზის გაკვალვაში საერთაშორისო ასპარეზზე.

ამ პროგრამაში საქართველოდან უკვე მონაწილეობდნენ ირაკლი კვირიკაძე და ლევან გელბახიანი.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრმა წელს საქართველოდან EFP EUROPEAN SHOOTING STARS- ზე სალომე დემურია წარადგინა.

მუმლაძის თქმით, 2023 წელს საქართველოდან SHOOTING STARTS-ზე ის უნდა წარედგინათ როლისთვის, რომელიც ფილმში „ჩემი ოთახი“ შეასრულა. ფილმში შესრულებულმა როლმა მსახიობს კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე „საუკეთესო მსახიობის ქალის“ პრემია მოუტანა.

თუმცა „საკანონმდებლო წინაღობების გამო“ საქართველომ 2023 წელს Shooting Stars-ში მონაწილეობა ვერ მიიღო და მისი აპლიკაცია უკან დააბრუნეს. კანონის მიხედვით, 2024 წელს მას აღარ შეეძლო shooting stars-ზე მონაწილეობა.

მუმლაძის თქმით, ევრიმაჟში საქართველოს მაშინდელი წარმომადგენლის, ნინო კირთაძის ძალისხმევით, პროგრამის მესვეურებმა გამონაკლისი დაუშვეს და მისცეს უფლება, კიდევ ერთხელ მიეღო მონაწილეობა კონკურსში, თუკი მას კინოცენტრი წარადგენდა. მისივე თქმით, მაშინ ნინო კირთაძემ EFP-დან ოფიციალური წერილიც მიიღო, რომელიც კინოცენტრსაც გააცნო.

„მაშინ ჩემი აპლიკაცია უკან დააბრუნეს. თუმცა კინემატოგრაფის სფეროში მომუშავე ადამიანების დიდი ძალისხმევით ეს წინაღობა გარკვეული დროის შემდეგ მოიხსნა და ხელახლა გაფორმდა კონტრაქტი საქართველოსა და EFP-ის შორის.

კანონის მიხედვით, ჩვენს ფილმს, რომელიც 2022-23 წლებშია შექმნილი, 2024 წელს აღარ შეეძლო მონაწილეობა Shooting Stars-ის პროგრამაში.

თუმცა პროცესში კოლეგების მუდმივი ჩართულობით, ნინო კირთაძე – ევრიმაჟში საქართველოს მაშინდელი წარმომადგენელი – კანის ფესტივალის დროს გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით და ამ პროგრამის მესვეურებს სთხოვა, გამონაკლისი დაეშვათ და კიდევ ერთხელ დაერთოთ ჩემთვის მონაწილეობის უფლება.

და ეს უდიდესი შანსი მართლაც მომეცა მეორედ – მიიჩნიეს, რომ ბიუროკრატიული თუ პროცედურული ლაბირინთების გამო, ეს შესაძლებლობა არ უნდა დამეკარგა და გამონაკლისი დაუშვეს. ოფიციალური წერილი, რომელიც ნინომ EFP-დან მიიღო, მან კინოცენტრსაც გააცნო.

მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. Shooting Stars-ზე 2024 წლის კონკურსანტების მიღება როგორც კი დაიწყო, კინოცენტრს მაშინვე მივმართე მეილით, და ასევე შევახსენე იმ წერილის შესახებაც, რომელშიც ჩემთვის გამონაკლისის დაშვებაზე იყო საუბარი. კინოცენტრი დუმდა. კიდევ რამდენიმე მეილი გავუშვი, მაგრამ პასუხი არც ერთზე მიმიღია.“ – წერს თაკი მუმლაძე.

მუმლაძე წერს, რომ ის „პროტესტის გამომხატველ კინემატოგრაფისტთა იმ ჯგუფშია“, რომელსაც მინისტრი „პუდელებად“ და „ტაკიმასხარებად“ მოიხსენიებს ხოლმე.

„კინოცენტრის გარშემო ვითარდებოდა დაძაბული პროცესები, დაიწყო ბოიკოტი – დირექტორის დანიშვნის წესის, კინოცენტრში ხელისუფლების პროპაგანდისტი ფიგურების დანიშვნის, კინოს და, ზოგადად, ხელოვნების მიმართ ცენზურის სიგნალების გახშირების, თუ „აგენტების“ შესახებ მართალია ვერ მიღებული, მაგრამ უაღრესად მავნებლური კანონის გამოძახილის გამო.

ამ აქციებში და შეხვედრებში მეც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. ამდენად, მეც ვარ პროტესტის გამომხატველ კინემატოგრაფისტების ჯგუფში, რომლებსაც კულტურის მინისტრი „პუდელებად“ და „ტაკიმასხარებად“ მოიხსენიებს ხოლმე.“ – წერს თაკი მუმლაძე.