„კინოცენტრის ცნობას დღემდე ველოდებით“ - რატომ მოიხსნა ფრანგული კონკურსიდან ქართული პროექტი

პუბლიკა

რეჟისორ ანა ბარჯაძის დოკუმენტური ფილმის პროექტი „მწარე შაქარი“ საფრანგეთის კინოცენტრის კონკურსიდან მოიხსნა. როგორც ფილმის პროდიუსერი ირინა გელაშვილი აცხადებს, პროექტის მოხსნის მიზეზი ის გახდა, რომ საქართველოს კინოცენტრისგან კონკურსზე სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტს ერთი თვეა ვერ იღებს.

„მწარე შაქარმა“ 2021 წელს საქართველოს კინოცენტრის ფილმის წარმოების დაფინანსებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი 70 ათასი ლარით დაფინანსდა. როგორც პროდიუსერი ირინა გელაშვილი გვიყვება, გადაღებები უკვე დასრულებულია და კინოცენტრთანაც პროექტი „ჩაიხურა“. საფრანგეთის კინოცენტრის მხარდაჭერა კი პოსტპროდუქციის ეტაპზე სჭირდებოდათ – სურდათ, დებიუტანტი რეჟისორის ფილმზე გამოცდილ, ფრანგ მემონტაჟეს ემუშავა. საფრანგეთის კინოცენტრი ითხოვდა ცნობას, რომ „მწარე შაქარი“ ნამდვილად დააფინანსა საქართველოს კინოცენტრმა. ეს ცნობა ირინა გელაშვილმა სხვადასხვა ფორმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღო. საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში არც „პუბლიკის“ შეკითხვებს პასუხობენ.

„ეს პროექტი მარტო კინოცენტრის დაფინანსებული არ იყო, „ალჯაზირა ბალკანსა“ და სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციასაც ჰქონდათ კონტრიბუცია. პარასკევს მითხრეს [საფრანგეთის კინოცენტრში], რომ ძალიან საჩქაროა და იქნებ ეს დოკუმენტები გააკეთოთო. როგორც კი სხვებს მეილით გადავუგზავნე, მაშინვე მომცეს ცნობა, რადგან ეს არის უმარტივესი დოკუმენტი. კინოცენტრში ჯერ არ ვიცოდი, ვისთვის უნდა დამერეკა; არ ვიცოდი პროცედურა როგორ უნდა გამევლო ახალი კინოცენტრის ფარგლებში“, – ამბობს ირინა გელაშვილი.

როგორც პროდიუსერი გვიყვება, თავდაპირველად კინოცენტრის არაერთ წარმომადგენელს დაუკავშირდა, მათ შორის, წარმოების დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, რომ დოკუმენტი ოფიციალურ მეილზე უნდა მოეთხოვა. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, ცენტრიდან უპასუხეს, რომ განცხადება ოფიციალური ბლანკით უნდა გაეგზავნა.

„ვისაც ვიცნობდი და ვისაც შეიძლებოდა, რაღაც პასუხი ჰქონოდა, მითხრა, რომ მე უკვე გადავეციო. ვიცი, რომ დოკუმენტი უკვე გამზადებულია, მაგრამ უშუალოდ მე არ მეხება ამის გაკეთება, მაგრამ ვიცი, რომ დირექტორთან არის, გაკეთებულია და უბრალოდ დაელოდე, როდის მოგაწვდიანო. ისიც მითხრა, რომ მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ და ამაზე არ დამირეკოო“, – ამბობს გელაშვილი.

როგორც პროდიუსერი გვიყვება, ოფიციალური ბლანკით გაგზავნილი წერილისა და არაერთი შეხსენების მიუხედავად, კინოცენტრისგან პასუხი ერთი თვეა არ მიუღია. შედეგი არც საჯარო პოსტის გამოქვეყნებამ გამოიღო.

„ჩვენი მინისტრიც ხომ იყო გამოსული და ხომ თქვა, რომ დარეკვების ეპოქა უნდა დასრულდეს და ყველაფერი ოფიციალურად მოხდესო. დავუჯერე მინისტრს, როგორც დამწყებმა პროდიუსერმა და მივიწერე ოფიციალური წერილი. 10 სამუშაო დღე ვაცადე, 20 დღის შემდეგაც კიდევ ერთი მეილი მივწერე“, – ამბობს ირინა გელაშვილი.

რა ბედი ელის ქართული ფილმის პროექტს?

ფილმის პროდიუსერი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ „პროექტი ცუდ დღეშია“ და ფილმი ვერ დასრულდება, თუ დაფინანსების შესახებ ცნობას კინოცენტრისგან ვერ მიიღებენ. პროდიუსერი გეგმავს, რომ საფრანგეთის სხვა კინოფონდებშიც სცადოს ბედი, თუმცა საჭირო დოკუმენტების გარეშე, მცდელობა კვლავ უშედეგო იქნება.

„ცოტა ხანი კიდე ვაცდით. ალბათ, უკიდურესი ზომა ის არის, რომ სასამართლოში მივიდე. მაგრამ სასამართლოში რისთვის მივიდე, იმის გამო, რომ ცნობა ვერ მომცეს? ცოტა მერიდება უკვე მაგაზე ლაპარაკი. ცნობის გამო სასამართლოში გიწევს წასვლა მაშინ, როცა ამდენი პრობლემაა სამყაროში“, – ამბობს ირინა გელაშვილი.

პროდიუსერი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევებით საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს რეპუტაცია ილახება და საფრთხე ექმნება მომავალ პროექტებსაც.

„მათთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ პროდიუსერებს და საქართველოს, როგორც ქვეყანას, არ უნდა ენდო, აღარ უნდა მისცე დაფინანსება, აღარ უნდა დაუჭირო მხარი, იმიტომ, რომ ისინი ელემენტარულს ვერ ახერხებენ – ცნობის გაკეთებას. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე შენ, როგორც ქვეყანა, როგორც მოთამაშე ნელ-ნელა გაქრები… როდესაც იწყება „ახალი ტალღა“, ადამიანების ფოკუსში ხარ, როგორც ქვეყანა… ახლა ძალიან კარგი ტენდენცია წამოვიდა დოკუმენტურ კინოში, ძალიან ძლიერი ავტორები და ძლიერი ფილმები გადის საქართველოდან. ყველას აინტერესებს, რა ხდება საქართველოში – კარგი ავტორები არიან, საინტერესო ხედვა აქვთ, საინტერესო თემებია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავიწყოთ მათთან კოლაბორაცია იმის გამო, რომ მარტივ დოკუმენტებს ვერ გვაწვდიან. ამის გარეშე კი არაფერი გამოდის“, – ამბობს ირინე გელაშვილი.

კინოცენტრი დუმს – რა შეიძლება იყოს დოკუმენტების დაგვიანების შესაძლო მიზეზები?

ანა ბარჯაძეცა და ირინა გელაშვილიც 450-ზე მეტ კინემატოგრაფისტთან ერთად აგვისტოდან დღემდე ბოიკოტში არიან და უარს ამბობენ კინოცენტრის კონკურსებში მონაწილეობაზე. პროდიუსერს ვკითხეთ, ხომ არ უკავშირებს დოკუმენტის დაგვიანებას ამ საკითხს:

„არ მინდა ვიფიქრო, რომ კინოცენტრის ახალი, როგორც გვეუბნებიან, ახალგაზრდა და პერსპექტიული თანამშრომლები, იმდენად უყურადღებოები და არაკომპეტენტურები არიან, რომ მეილზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ; ისეთი მარტივი დოკუმენტი, როგორიც ცნობა არის, რომელსაც ბავშვებს საბავშვო ბაღშიც კი აძლევენ, ვერ აკეთებენ… მაშინ უკვე კინო საფრთხეში კი არ ყოფილა, უკვე დავღუპულვართ ყველანი. ამიტომ მირჩევნია ვიფიქრო, რომ ბოიკოტში რომ ვარ, მაგიტომ მაწვალებენ. ესეც არ არის კარგი სცენარი, მაგრამ ამ დონის არაკომპეტენტურობას ეს მირჩევნია“, – ამბობს გელაშვილი და დასძენს, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე სხვა პროდიუსერებიც დადგნენ.

რაზე მოგვითხრობს „მწარე შაქარი“

25 წლის ანა ბარჯაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი უკვე 20-ზე მეტი საერთაშორისო პლატფორმის სელექციაში მოხვდა და რამდენიმე მათგანში გაიმარჯვა.

ფილმი ბავშვების პერსპექტივიდან მოგვითხრობს აგარაში მცხოვრებ სამ ძმაზე, რომელთა დედაც შრომით მიგრაციაში იმყოფება.

„გავიაზრეთ, რომ მთელი თაობა, ჩემი თაობიდან მოყოლებული დღემდე, ვიზრდებით უსიყვარულოდ და ეს არის ფილმი უსიყვარულოდ გაზრდილ თაობაზე. მოქმედება ხდება აგარაში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ააშენეს შაქრის ქარხანა და მაშინ გაშენდა დაბა. ახლა, როდესაც ქარხანა დაიხურა, იქ მცხოვრებ ხალხს აღარსად აღარ ჰქონდათ ადგილი, რომ ემუშავათ, შესაბამისად, დაიწყო მასობრივი ემიგრაცია… ჩვენი ფოკუსი არის ერთ-ერთ ასეთ ოჯახზე, სადაც 3 ძმა მარტოა დარჩენილი და ცდილობენ, ერთმანეთს გაუწიონ მშობლობა…“, – ამბობს ფილმის ფილმის პროდიუსერი.