კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია წულუკიანის მოადგილეც იქნება

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ კობა ხუბუნაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება“, – ამბობენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფერო, სხვა სფეროებს შორის, მოიაზრებს სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკურ საქმიანობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვას. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება 8 ადამიანს შეუწყდა, ორმა კი კინოცენტრი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოსპობასა და კინოინდუსტრიაში ცენზურის შემოტანას მოასწავებს. კინოცენტრის თანამშრომელთა პოზიციას იზიარებს კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი და უკვე თვეზე მეტია, პერმანენტულ აქციებს მართავენ, ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლის მოთხოვნით. კინემატოგრაფისტების პროტესტი დღემდე გრძელდება.