კინემატოგრაფისტები: შეუძლებელია შევეგუოთ ნაკარნახებ სცენარებსა და შემოქმედებით ჩარჩოს

პუბლიკა

,,არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს!” – დღეს, 12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან კინემატოგრაფისტების მორიგი აქცია გაიმართა.

ხელოვანებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ, დღევანდელ აქციაზე ქართული კინოს მანიფესტი წაიკითხეს, რომლის მთავარი სათქმელიც ასეთია:

,,შეუძლებელია შევეგუოთ ნაკარნახებ სცენარებსა და შემოქმედებით ჩარჩოს;

ჩვენ უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე;

ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე;

ჩვენ მხოლოდ დავცინებთ შეუმდგარ ცენზორებს და მათ განზრახვას მოათვინიერონ ქართული კინო.” – აღნიშნულია მანიფესტში.

 

 

პროტესტის მონაწილეებს სამინისტროსთან დღეს მიტანილი ჰქონდათ ბანერები, რომლებზეც ეწერა:

,,კინოს ვანათებთ ჩვენ”

,,ფოკუსს გისწორებთ ჩვენ”

,,კინოს ვიცავთ ჩვენ”

 

 

ხელოვანები მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი, თეა წულუკიანი ცდილობენ ქართულ კინოში ცენზურის დამკვიდრებას. მათ პროტესტის დაწყებიდან ორი მოთხოვნა აქვთ: შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – დაინიშნოს დირექტორი კონკურისით.

ხელოვანების მოთხოვნებისა და პროტესტის მიუხედავად, კინოცენტრში, რეორგანიზაციის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე, დღეს, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს, მათ შორის, ლევან აბდუშელიშვილს და დავით დავითიანს, რომლებიც აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულები პროტესტში სამინისტროს წინააღმდეგ.