კინოცენტრის კონკურსის შედეგი და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი

პუბლიკა

ეროვნულმა კინოცენტრმა „პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის“ შედეგები გამოაქვეყნა. კინოცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, უმაღლესი ქულის მქონე პროექტს – „ტვირთი“ – უარი ეთქვა დაფინანსებაზე, კომისიის ერთ-ერთი წევრის, რუსუდან გლურჯიძის ინტერესთა კონფლიქტის გამო. ამიტომ დაფინანსება მიიღო მეორე ადგილზე გასულმა პროექტმა – „მუშა“. სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსუდან გლურჯიძეს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი აქვს პროექტ „მუშასთანაც“. „პუბლიკა“ ინფორმაციის გადამოწმებას თავად კომისიის წევრთან შეეცადა.

რა მოხდა კონკურსში?

საექსპერტო კომისიის 21 აპრილის დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი ქულა მიიღეს შემდეგმა პროექტებმა:

1. „ტვირთი“ – შპს „ჯემინი“, 63 ქულა;
2. „მუშა“ – შპს FILM ASYLUM, 61 ქულა;
3. „დაბადება“ – შპს ნიუდოკ ფილმი, 58 ქულა.

თუმცა როგორც კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საექსპერტო კომისიის წევრმა, რუსუდან გლურჯიძემ 4 მაისს განცხადებით მიმართა კინოცენტრის დირექტორს და აცნობა, რომ ის ინტერესთა კონფლიქტშია საკონკურსო პროექტთან – „ტვირთი“.

რუსუდან გლურჯიძის განმარტებით, პროექტ „ტვირთთან“ დაკავშირებულია მისი მეუღლე, რომელიც არის შპს „სინეტექის“ დირექტორი. შპს „სინეტექი“ კი აღნიშნული პროექტის გეგმაში მოხსენიებულია, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის (უსასყიდლოდ) მიმწოდებელი კომპანია. ამასთანავე, კინოცენტრი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციაში (პროექტის გეგმა) შპს „სინეტექი“ მითითებულია, როგორც აპარატურის ინვესტირების განმახორციელებელი (თანხა 70 000.00). კომისიის წევრ რუსუდან გლურჯიძეს პროექტ „ტვირთისათვის“ მინიჭებული აქვს უმაღლესი – 10 ქულა.

რუსუდან გლურჯიძე განმარტავს, რომ მისთვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი გახდა 3 მაისს, თუმცა მან 31 მარტს ხელმოწერით დაადასტურა, რომ საკონკურსო პროექტებთან ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნდა. „პუბლიკამ“ კომისიის წევრს ჰკითხა – როგორ მოხდა, რომ 3 მაისამდე საკონკურსო დოკუმენტაციებში ვერ აღმოაჩინა კომპანია „სინეტექი“, რომლის დირექტორიც მისი მეუღლე, ზურაბ მაღალაშვილია.

„მე შევისწავლე ყველა საბუთი და, სამწუხაროდ, ერთადერთი ფინანსური გეგმა, რომელიც ეტყობა ჯეროვნად ვერ შევისწავლე იყო ამ კონკრეტული პროექტის ფინანსური გეგმა. მე შევისწავლე პროექტის ბიუჯეტი და მოთხოვნილი თანხა და ალტერნატიული დაფინანსება იმდენად ახლოს იდგა ერთმანეთთან,  ჩავთვალე, რომ ეს არის, ალბათ, კომპანიის ჩანადები. იქ არ იყო ძალიან დიდი ბიჯი ერთმანეთს შორის და ამიტომ გამომეპარა, უბრალოდ, ეს სიტყვა“, – ამბობს რუსუდან გლურჯიძე.

როგორც ის განმარტავს, არც მანამდე და არც კონკურსის დროს არც მას და არც ზურაბ მაღალაშვილს არ ჰქონიათ პროექტის პროდიუსერებთან კომუნიკაცია პროექტის ხელშეწყობის შესახებ. როგორც გლურჯიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ „სინეტექის“ მონაწილეობაზე მას ინფორმაცია მანამდე არ ჰქონია, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად აცილების შესახებ განცხადება დაწერა.

„ჩემი მეუღლის კომპანია რომ ფიგურირებდა და მე ეს არ ვიცოდი, მე ეს არ გამკვირვებია იმ უბრალო მიზეზით, რომ კომპანია „სინეტექი“ დღიდან თავისი დაფუძნებისა, ყოველთვის ეხმარება დებიუტანტებს და აძლევს ძალიან ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უსასყიდლოდ ტექნიკას გადაღებისთვის, ამიტომ არის დიდი შესაძლებლობა, რომ პროდიუსერს, რომელმაც შეიტანა ეს კონკრეტული პროექტი და ჩვენ არაერთხელ დავხმარებივართ მას, და არა მარტო მას, სხვა ბევრ რეჟისორს პროექტების განხორციელებაში ამ კუთხით, უბრალოდ იგულისხმა, რომ ჩვენ ამ პროექტსაც არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე“, – განაცხადა რუსუდან გლურჯიძემ.

კინოცენტრის განმარტებით, საექსპერტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეკრძალება წევრს, რომელსაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი საკონკურსო პროექტთან/პროექტებთან.

არსებობს თუ არა ინტერესთან კონფლიქტი პროექტ „მუშასთან“?

კინოცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, 550 267 ლარით დაფინანსდება პროექტი „მუშა“ (პროდიუსერი – შპს FILM ASYLUM, რეჟისორი– გიორგი ქობალია). პროექტის საპროდიუსერო კომპანია შპს FILM ASYLUM-ის 50% წილს რუსუდან გლურჯიძის მეუღლის ნათლული, ვალერიან (ვაკო) კირკიტაძე ფლობს.

როგორც „პუბლიკას“ სფეროს წარმომადგენლებმა აცნობეს, ვაკო კირკიტაძემ 2020 წელს კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის საექსპერტო კომისიის წევრობაზე უარი თქვა, რადგან იმჟამინდელი კონკურსის მონაწილეებთან – ზურაბ მაღალაშვილთან და მის მეუღლესთან, რუსუდან გლურჯიძესთან ახლობლობა აკავშირდება. ინფორმაციის გადასამოწმებლად „პუბლიკა“ კინოცენტრის გათავისუფლებულ დირექტორს, გაგა ჩხეიძეს დაუკავშირდა. როგორც გაგა ჩხეიძე იხსენებს, კომისიის წევრობაზე აცილების მიზეზად ვაკო კირკიტაძემ კონკურსის აღნიშნულ მონაწილეებთან ახლობლობა დაასახელა.

ვაკო კირკიტაძე „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ 2020 წელს კომისიის წევრობაზე უარი სხვა მიზეზების გამო თქვა.

„ინტერესთა კონფლიქტი მიზეზი არ ყოფილა, სხვა პრობლემები იყო, რომელზეც ახლა არ მინდა, რომ ვისაუბრო. შიგნით ბევრი რაღაც იყო მიუღებელი და ამიტომ ვთქვი უარი. შეიძლება, ჟიურის სხვა წევრთან მანამდე დაპირისპირება მქონდა და არ მსურდა მასთან ერთად მუშაობა, შეიძლება, კინოცენტრთან მუშაობა არ მინდოდა… მე არ ვარ ამ პროექტის პროდიუსერი, პროდიუსერი ნიკა გუგუშვილია“, – ამბობს ვაკო კირკიტაძე.

„პუბლიკამ“ რუსუდან გლურჯიძეს ჰკითხა, გაუჭირდა თუ არა, ობიექტურად შეეფასებინა პროექტი, რომლის საპროდიუსერო კომპანიის მეწილეც მისი მეუღლის ნათლულია. რეჟისორმა გვიპასუხა, რომ პროექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი შეფასება არ გართულებია. გლურჯიძის თქმით, მან დატოვა კომისიის შემადგენლობა და მისი ყველა შეფასება გაბათილებულია.

„ჯერ ერთი მე არ მაკავშირებს ნათელმირონობა, მეორეც  – ნამდვილად არ შემიშალა ხელი, რადგან ძალიან ძლიერი პროექტია და ამას ჟიურის დანარჩენი წევრებიც ადასტურებენ. ასევე, მინდა იცოდეთ, რომ საკუთარი განცხადებით დავტოვე ჟიურის შემადგენლობა და ჩემი ყველა შეფასება გაბათილებულია“, – ამბობს რუსუდან გლურჯიძე.

რუსუდან გლურჯიძეს „პუბლიკამ“ სთხოვა, რომ ჩვენთვისაც გაეზიარებინა განცხადება, რომლითაც ის მოითხოვდა თავისი ყველა ქულის გაბათილებას, თუმცა მან განცხადების გამოგზავნაზე უარი განაცხადა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად კინოცენტრთან გადაგვამისამართა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, გაბათილდა თუ არა რუსუდან გლურჯიძის შეფასებები ყველა საკონკურსო პროექტზე, „პუბლიკამ“ კინოცენტრის პრესსამსახურს მიმართა. როგორც გვითხრეს, ამ  შეკითხვით კინოცენტრს ელექტრონული ფოსტით უნდა მივმართოთ, თუმცა უცნობია, როდის მივიღებთ პასუხს.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის“ ცნებას, რომელიც განიმარტება, როგორც „საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან“.


„პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად“ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს გასაუბრებაზე კომისიის შეცვლილი შემადგენლობა შეხვდათ – ინფორმაცია და კომისიის შეცვლილი წევრების ვინაობა „პუბლიკას“ 21 აპრილს რამდენიმე კონკურსანტმა დაუდასტურა.

შეცვლილი საკონკურსო კომისიის წევრები არიან:

  • გოგა ხაინდრავა – რეჟისორი, შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ მეწილე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში;
  • ბაჩო ოდიშარია – Post TV-ის წამყვანი;
  • რუსუდან გლურჯიძე – რეჟისორი;
  • მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
  • ირაკლი სამსონაძე – დრამატურგი და მწერალი;
  • გიორგი ცხვედიანი – რეჟისორი;
  • გიორგი მეგრელიშვილი – მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი.

შეცვლილი საკონკურსო კომისიის წევრების ვინაობა კინოცენტრის საჯარო პლატფორმებზე ხელმისაწვდომი არ არის. თავდაპირველად „პუბლიკამ“ სწორედ კინოცენტრს ჰკითხა წევრთა ვინაობის შესახებ. კინოცენტრში გვიპასუხეს, რომ „არ აქვთ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის გასაჯაროების ვალდებულება“. წევრთა ვინაობის გასაგებად კი კონკურსანტებს შეუძლიათ ინფორმაცია კინოცენტრიდან გამოითხოვონ.