„პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად“ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს გასაუბრებაზე კომისიის შეცვლილი შემადგენლობა შეხვდათ – ინფორმაცია და კომისიის შეცვლილი წევრების ვინაობა „პუბლიკას“ რამდენიმე კონკურსანტმა დაუდასტურა.
შეცვლილი საკონკურსო კომისიის წევრები არიან:
- გოგა ხაინდრავა – რეჟისორი, შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ მეწილე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში;
- ბაჩო ოდიშარია – Post TV-ის წამყვანი;
- რუსუდან გლურჯიძე – რეჟისორი;
- მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
- ირაკლი სამსონაძე – დრამატურგი და მწერალი;
- გიორგი ცხვედიანი – რეჟისორი;
- გიორგი მეგრელიშვილი – მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი.
შეცვლილი საკონკურსო კომისიის წევრების ვინაობა კინოცენტრის საჯარო პლატფორმებზე ხელმისაწვდომი არ არის. თავდაპირველად „პუბლიკამ“ სწორედ კინოცენტრს ჰკითხა წევრთა ვინაობის შესახებ. კინოცენტრში გვიპასუხეს, რომ „არ აქვთ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის გასაჯაროების ვალდებულება“. წევრთა ვინაობის გასაგებად კი კონკურსანტებს შეუძლიათ ინფორმაცია კინოცენტრიდან გამოითხოვონ.
წინამორბედი კომისიის თავმჯდომარემ, მწერალმა და რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა 20 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კინოცენტრის ახალმა დირექტორმა, კახა სიხარულიძემ სრულად შეცვალა კომისიის შემადგენლობა. სოლომანაშვილმა გამოაქვეყნა 15 აპრილით დათარიღებული წერილიც, რომელსაც ხელს კინოცენტრის ამჟამინდელი დირექტორი აწერს. წერილში არ არის ახსნილი, თუ რატომ შეიცვალა კომისიის შემადგენლობა, რომელიც კინოცენტრის წინა დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ 14 თებერვალს დააკომპლექტა.
„მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურმა კომისიამ შეხვედრის თხოვნით მიმართა კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობას, აღნიშნული თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ჩვენთვის დღემდე პასუხგაუცემელია, თუ რამ განაპირობა ერთი კომისიის მეორე კომისიით ჩანაცვლება;
კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, საექსპერტო კომისიის წევრთა უფლებები, შეილახა მათი პროფესიული რეპუტაცია და პიროვნული ღირსება.
კომისიის წევრებისთვის არ იქნა მოწოდებული კომისიის წევრების ახალი წევრებით ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საკონკურსო პროცედურების გაუმჭვირვალედ მიმდინარეობას.
ინფორმაცია ახალი საექსპერტო კომისიის წევრების შესახებ არ იქნა მიწოდებული კონკურსანტებისთვისაც.
ასევე არ იქნა მოწოდებული, კომისიის წევრებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, შეუსრულებლობისა, თუ შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია.
დამსაქმებლის მხრიდან გამოვლინდა ხელის შეშლა კომისიის წევრებისთვის მათზე დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და მათი მისამართით დისკრიმინაციული მიდგომა.
ჩვენთვის, როგორც კინოსექტორის წარმომადგენლებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია კინოცენტრის მიერ კანონის სრული უგულებელყოფა, ან მისი ინტერპრეტირება კერძო ინტერესების, სიმპათიისა თუ ანტიპათიის მიხედვით.ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შენარჩუნდეს, არა მხოლოდ კინოცენტრის, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციის რეპუტაცია, არამედ თითოეული ჩვენგანის პიროვნული და პროფესიული ღირსება.
დღეს ქართული კინოს დაფინანსების ძირითად წყაროს სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს. სწორედ, ამ მოცემულობის და კინემატოგრაფიული საზოგადოებისადმი ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი არც ერთი კითხვა, რომ კინოცენტრი ვალდებულია გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა, ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილებები აზიანებს კინოსექტორის განვითარებას და ავტორიტარული მართვის დამკვიდრებასა და წახალისებას უწყობს ხელს.P.S. საგულისხმოა, რომ კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, დღემდე ჩვენი კომისიის შემადგენლობა უცვლელი რჩება“, – წერს ბესო სოლომანაშვილი.
14 მარტს კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას მინისტრის გადაწყვეტილება ამცნო, კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლების შესახებ. ამავე განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავდა, რომ „გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე“ განახორციელებდა. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ კინოცენტრში შიდა აუდიტით „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“ გამოიკვეთა და საქმე პროკურატურას გადაეცა.
მოგვიანებით კინოცენტრის გათავისუფლებულმა დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისმა რამდენიმე მკვეთრმა განცხადებამ, მათ შორის უკრაინაში ომის ფონზე რუსეთისადმი სანქციების დაწესების თემაზე, შესაძლოა მინისტრი განარისხა და გასცა ბრძანება აუდიტის დასკვნის დამძიმებაზე.
სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას კულტურის სფეროს 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა საერთო განცხადებით უპასუხა და გადაწყვეტილებას ცილისწამება და შანტაჟი უწოდა.
11 აპრილს გაგა ჩხეიძემ კულტურის მინისტრის ბრძანების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.