კინოს გადაღება უნდა იყოს თავისუფალი. დამოუკიდებლობა კინოცენტრს - საპროდიუსერო კომპანია COLOR OF MAY

პუბლიკა

საპროდიუსერო კომპანია COLOR OF MAY ეხმაურება კინოცენტრთან დაკავშირებულ მოვლენებს, სოლიდარობას უცხადებს კინემატოგრაფისტებს და დამოუკიდებლობას უსურვებს ქართულ კინოცენრტს.

მათივე თქმით, 10 წელია მუშაობენ საქართველოში და ყოველთვის აღფრთოვანებული არიან „აქაური შემოქმედებითი ძალით და კინორეჟისორებით”.

ისინი განცხადებაში აღნიშნავენ იმასაც, რომ „ბოლო წლებში საქართველოდან არაჩვეულებრივი ისტორიები ჩამოვიდა, რომელზეც ხალხი სხვადასხვა კონტინენტიდან ერთად იცინოდა და ტიროდა”.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„როგორც პროდიუსერმა გერმანიასა და საქართველოში, ჩვენ გადავიღეთ რეჟისორ სოსო ბლიაძის ორი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ასევე ვართ ლუკა ბერაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის თანაპროდიუსერი.

10 წელია ვმუშაობთ საქართველოში და ყოველთვის აღფრთოვანებული ვართ აქაური შემოქმედებითი ძალით, კინორეჟისორებით, რომლებსაც აქვთ სათქმელი და ვნება რომ ეს გამოხატონ. ამ ენერგიამ მიგვიყვანა მსოფლიოს ყველაზე პატივცემულ და უდიდეს ფესტივალებამდე და პატარა ქვეყანა საერთაშორისო კინოს რადარზე გამოაჩინა. ეს კინორეჟისორების დამსახურებაა, მაგრამ ასევე მათ, ვინც საერთაშორისო თანამშრომლობის მომხრეა.

ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ეს წარმატება, რომელიც ასევე განპირობებულია გამოხატვის თავისუფლებით, საფრთხის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო გადაწყვეტს, რომელი ფილმები იქნება მომავალში გადაღებული. კინოს გადაღება არ უნდა იყოს ნაკარნახევი პროცესი, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი ფორმა, კინოს გადაღება უნდა იყოს თავისუფალი. სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირებული პროცესი, ადვილად ხდება პროპაგანდა.

ფილმის გადაღება არ არის მხოლოდ პრივილეგია. ფილმები აშენებენ ხიდებს, იმიტომ, რომ სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები მას ერთად ქმნიან. ამ გზით საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინეთ.

ადამიანების მრავალფეროვნებას ეძლევა ხმა ფილმის საშუალებით. ისინი კომუნიკაციის გზაა, მაშინ როდესაც სხვა გზები ვერ ხერხდება. სწორედ სიუჟეტები იძლევა გამბედაობას, რომლის მეშვეობითაც დიალოგი შეიძლება განვითარდეს. შემდეგ არის ისტორიებიც, რომლებიც რჩება. ბოლო წლებში საქართველოდან არაჩვეულებრივი ისტორიები გამოვიდა, რომელზეც ხალხი სხვადასხვა კონტინენტიდან ერთად იცინოდა და ტიროდა. ამ ისტორიების გამბედაობასა და უნივერსალურობას შეუძლია კედლები დაანგრიოს. სახელმწიფო კონტროლი და მიკერძოებულობა კი კედლების ხელახლა წარმოშობის საშუალებას იძლევა”, – ნათქვამია განცხადებაში.