კინოში არ არის პროპაგანდის ადგილი, ეს პერიოდი უკვე გაიარა კაცობრიობამ - არჩილ ქიქოძე

პუბლიკა

მწერალი, სცენარისტი და მსახიობი, არჩილ ქიქოძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „პუბლიკამ“ მას ჰკითხა – როგორ აფასებს ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს კადრის დანიშვნასა და რეორგანიზების დაწყებას – რაზეც მან გვიპასუხა:

„კინოცენტრის თითოეული თანამშრომელი არის უზარმაზარი რესურსი. მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ეს რესურსი გასაფრთხილებელია. თანამშრომლების ნაწილი მოხსნეს, დანარჩენებს კი ისეთ პირობებს შეუქმნიან, რომ მუშაობის სურვილი აღარ ექნებათ. ეს სფერო აღარ იფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს. იყო [კინოცენტრის] დირექტორი ზურა მაღალაშვილი, რომელიც აბსოლუტურად ლოიალური იყო ხელისუფლების მიმართ, მაგრამ საქმე არ გაფუჭებულა, იმიტომ, რომ იქ ამჟამად უკვე მოხსნილი მაკო ჭილაშვილის მსგავსი კომპეტენტური თანამშრომლები მუშაობდნენ და თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.

ხელოვნება და კერძოდ, კინო ვერ იმეგობრებს ვერანაირ ხელისუფლებასთან. კაპიკია ფასი იმ ხელოვანის, მწერლის, რეჟისორის, რომელიც ემეგობრება ხელისუფლებას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. კინოში არ არის პროპაგანდის ადგილი, უკვე აღარ არის, ეს პერიოდი უკვე გაიარა კაცობრიობამ, ხოლო ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროების კონტროლის ვნება, რომლითაც ჩვენი ხელისუფლებაა შეპყრობილი, არის სრულიად საბჭოური გადმონაშთი, ანაქრონიზმია, თან კომიკური და თან – ძალიან ტრაგიკული, იმიტომ, რომ საქმეებს აფუჭებენ, მთელ სფეროებს ვნებენ, აზიანებენ.

რა თქმა უნდა, [კინოცენტრში] გარეშე ადამიანი არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს ჩანერგილი ხალხი, უნდა იყოს თავისუფლება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს თანამედროვე ხელოვნება. ხოლო კინოცენტრის დირექტორს უნდა ირჩევდნენ სფეროს წარმომადგენლები და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დანიშნული ზევიდან“, – ამბობს არჩილ ქიქოძე „პუბლიკასთან“.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი.
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად.
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“