შსს-ს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
„თბილისში, კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული პირი ბრალდებულის სახით დააკავა, “- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ასევე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
„რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში, “- ამბობენ უწყებაში.