დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ის, ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი, სავარაუდოდ, კიდევ 2 სხვა ქვეყანასთან ერთად იმუშავებენ უკრაინასთან ომის შეწყვეტის გეგმაზე.
„შემდეგ განვიხილავთ გეგმას აშშ-სთან. მე ვფიქრობ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი სწორი მიმართულებით”. – თქვა კირ სტარმერმა BBC-სთან დღეს, 2025 წლის 2 მარტს მიცემულ ინტერვიუში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში ასევე ჩამოთვალა 3 რამ, რაც, მისი რწმენით, საჭიროა ხანგრძლივი მშვიდობისთვის უკრაინაში:
- “ძლიერი უკრაინა”, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იბრძოლებს და იქნება ძლიერ პოზიციაში მოლაპარაკებების დროს;
- ევროპული ელემენტი უსაფრთხოების გარანტიებით;
- აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გარანტია.
სამმივე საჭიროა მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ვერ იქნება შეთანხმება, რომელიც დაირღვევა – ეს არის ის, რაზეც ზელენსკი წუხს”. – თქვა კირ სტრამერმა.
მანვე დასძინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეშფოთება სწორია და შემოთავაზებული შეთანხმება უნდა შეჩერებულიყო.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-სთან ასევე ილაპარაკა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე და განაცხადა, რომ ყურებისას თავი „უხერხულად” იგრძნო, თუმცა, გადაწყვიტა, „სახელოები აეკაპიწებინა და ორივესთვის დაერეკა, რიტორიკის გამწვავების ნაცვლად.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპს სურს „ხანგრძლივი მშვიდობა” და რომ ის ენდობა როგორც აშშ-ის, ისე უკრაინის პრეზიდენტებს.
მან ასევე განაცხადა, რომ არ ენდობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და სწორედ ამიტომ სურს უსაფრთხოების გარანტია ნებისმიერ სამშვიდობი შეთანხმებაში.
სტარმერის თქმით, არ სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, კაცმა, რომლის ქვეყანაც 3 წელია, ომშია, თეთრ სახლში რამე ცუდი გააკეთა.
კირ სტარმერმა BBC-ს ინტერვიუ დიდი ბრიტანეთში სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მისცა — დღეს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იტალიის პრემერი ჯორჯია მელონის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, კანადის პრემიერ ჯასტინ ტრუდოს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, ევროპის სხვა ქვეყნების: დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერებთან ერთად. შეხვედრას დაესწრება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
სამიტზე მიწვეულები არიან NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.