პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა მაშინ, როცა საქართველოს ელჩი უკრაინაშია „ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს“. მისივე თქმით, „რასაკვირველია, კითხვები ჩნდება, ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ და პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების ელემენტის შემოტანით“.
„მე დარწმუნებული ვარ, ამ კონსულტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორი – საქართველოს ათასობით მოქალაქე აგროვებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასობით მოქალაქე არის მძევალი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეკონომიკურ სანქციებზე საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მარტო, სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და დელეგაციების წარმომადგენლების გარეშე. ამ ვითარებაში გაწვევა ელჩის მაშინ, როცა ჩვენი ელჩი იქ არის ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებს კონსულტაციების დროს გაეცემა ამომწურავი პასუხი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს, ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს და რუსეთს ყველანაირი რესურსი აქვს, რომელიც „ხელში გადასცა და ჩაახუტა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, ტერიტორიების ოკუპაციის არ იყოს, მოღალატეობრივ განცხადებაზე ხელმომწერები დღეს ჭკუას გვარიგებენ და გვამუნათებენ“.