დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში გაიხსნა კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
პარალელურად განცხადება გაავრცელა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აზერბაიჯანში, სახელმწიფოში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობსა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტები, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, საშიშ გარემოში მუშაობენ – მათ აკავებენ, მათზე ფიზიკურად ძალადობენ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ხაზს უსვამს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ თავიანთი საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა. მათგან 13 ახლაც დაპატიმრებულია. ერთ-ერთი მათგანი, ნარგიზ აბსალამოვა გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.
„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია, მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?
RSF მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა და გაზის და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით რთული და საშიშია.
RSF საუბრობს ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევაზე, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს, და რომელიც Abzas Media-ში მუშაობდა – ერთ-ერთ იმ მცირე დამოუკიდებელ მედიას შორის, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩა.
„2023 წლის ივნისში აბსალამოვამ გააშუქა აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია – სოფელი დაზარალდა ოქროს ღია-კარიერული მოპოვებით. ისინი აპროტესტებდნენ ახალი ხელოვნური ტბის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას. პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მოსახლეობა და ადგილიდან ძალადობრივად გააძევა სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა. მის კოლეგას, ელმადინ შამილზადეს მოგვიანებით შეურაცხყოფა მიაყენეს, აწამეს და დაემუქრნენ სექსუალური ძალადობით, რათა მისთვის ეიძულებინათ, მიეცა ტელეფონის კოდი საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის წაშლის მიზნით.
დღემდე აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა ჟურნალისტთან, ასევე, სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, რომელთა შორისაც არიან Toplum TV-ის წარმომადგენლები, განიცდიან არასათანადო მოპყრობას და არიან დამამცირებელ საპატიმრო პირობებში. ნარგიზ აბსალამოვას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოჯახის წევრებს მის მოსანახულებლად არ უშვებენ“, – აცხადებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ მათ მიერ ჩატარებული გლობალური ანალიზის თანახმად, იმ ქვეყნების 2/3-ში, სადაც ნავთობი მოიპოვება, პრესის თავისუფლება მრავალი კუთხით არის საფრთხის ქვეშ.
აზერბაიჯანი, სადაც გარემოს დაცვისჟურნალისტიკა უხეშად რეპრესირებულია, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქვეყანაა პრესის თავისუფლების კუთხით – ის RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.