კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება პოლიციელისადმი წინააღმდეგობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

ხეჩინაშვილის კლინიკაში იარაღიანი პირის გამოჩენაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

„პუბლიკას“ წყარომ უთხრა, რომ იარაღიანი პირი სამართალდამცველი იყო, რომელიც კლინიკაში დაშავებული სტუდენტის მდგომარეობის გასაგებად მივიდა, მას იქ უცხო პირები დახვდნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოძიება ამ ფაქტზე არის დაწყებული.

სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც 17 ივნისს თსუ-ში საპროტესტო ბანერების გაშლის გამო სცემეს, ამბობს, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მასთან  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი პირი მივიდა, იყვნენ ნასვამები და ერთ-ერთს ჰქონდა იარაღი. მისივე თქმით, ამ პირებს თავი არ წარუდგენიათ და იარაღიანი პირი აცხადებდა, რომ ის არ არის პოლიციელი.

პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა, პატრულმა ადგილიდან გაიყვანა. მედიაში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ის სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული და იარაღს თვალსაჩინოდ, ბუდის გარეშე ატარებდა.

კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მისთვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა.


17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა.

ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, რა დროსაც მას, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ცემის მუხლითაა დაწყებული.