კოალიცია „ღირსეული შრომისათვის" სოცაგენტებს მხარდაჭერას უცხადებს

პუბლიკა

კოალიცია „ღირსეული შრომისათვის“, ეხმაურება სოციალური აგენტების მიერ 3 ივლისს დაანონსებულ გაფიცვას, მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება მათ სამართლიან მოთხოვნებს.

კოტე ერისთავი, EMC – „სამინისტრო, რომელიც უნდა იცავდეს შორმით უფლებებს, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს პროფკავშირულ საქმიანობას, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანასწორი ურთიერთობების ხელშეწყობას, თავად არღვევს დასაქმებულების უფლებებს, თავად ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ შრომას, ხელს უშლის პროფკავშირულ საქმიანობას, ხელს უშლის თანასწორ მოლაპარაკებებას შრომითი დავის დროს.

მოვუწოდებთ სამინისტროს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პროფკავშირების ჩართვა, გაითვალისწინოს მათი სამართლიანი მოთხოვნები;

სოფო ხუციაშვილი – სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროკფკავშირის გამგეობის წევრი – „ჩვენ, როგორც პროფესიულმა კავშირმა, გვინდა, მხარი დავუჭიროთ სოციალური აგენტების გაფიცვას. როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ერთი წლის წინ იმავე დამსაქმებელთან დავიწყეთ სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა. ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა ის რთული სიტუაცია შრომით პირობებთან დაკავშირებით, რაც ამ სამინისტროში არსებობს. ეს აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენის მიმართ, რომელთანაც სოციალური აგენტები მუშაობენ.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ და მიგვაჩნია, რომ მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და საფუძვლიანი. ვიმედოვნებთ, რომ სოცმომსახურების სააგენტო ახლა მაინც იმოქმედებს გონივრულად და გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს”;

მერაბ ქართველიშვილი, საია-ს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი – „პროფკავშირების გაერთიანებას არ აძლევენ საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებეში, რაც შესაძლოა, ტოვებდეს ადგილს იმისათვის, რომ ცალკე მოლაპარაკება, რომელიც იმართება სოცაგენტებთან, შეიძლება, მხოლოდ დაპირებად დარჩეს და არ შესრულდეს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მათი წარმომადგენელი, მათი პროფკავშირი, აუცილებლად უნდა იყოს მოლაპარაკებაზე და რეალურ ცვლილებებს მიაღწიონ”.

კოალიცია „ღირსეული შრომისთვის” მოითხოვს:

– სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე;

– მედიაციის პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი;

– უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება.

ხელმომწერი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013″, ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი;


პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელის“ წევრმა სოციალურმა აგენტებმა 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით, 3 დღით ადრე გაფიცვის შესახებ შეტყობინების განცხადება შეიტანეს.

მათი თქმით, გაფიცვას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გეგმავდნენ.

სოლიდარობის ქსელის წევრები და სოცაგენტები 29 ივნისს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ პროფესიული კავშირის წარმომადგენელებს, იურისტებს. ამის გამო, ამ ფორმატში ისინი შეხვედრაზე უარს აცხადებენ.