სოციალური აგენტები გაფიცვას გეგმავენ - რა არის მათი პროტესტის მიზეზი

მინდია გაბაძე

ორშაბათიდან, 29 ივნისიდან 90 სოციალური აგენტი, შესაძლოა, გაიფიცოს. ამის ძირითადი მიზეზი სოცაგენტების დაბალი ხელფასებია.

იურიდიულ დახმარებას სოციალურ აგენტებს „სოლიდარობის ქსელი“ უწევს. მისი წარმომადგენელი დავით ომსარაშვილი „პუბლიკასთან“ სოცაგენტების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობს.

მისი განმარტებით, სოციალური აგენტების ხელფასი შედგება ფიქსირებული 80 ლარისგან და ამას ემატება გამომუშავებით დაანგარიშებული თანხა – თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე სოცაგენტს დაახლოებით 4.4 ლარი ემატება. დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ ჯამში თვიურად სოციალური აგენტების საშუალო ანაზღაურება 400-500 ლარამდეა.

„მათი ხელფასი ძალიან დაბალია. 80 ლარია ფიქსირებული ხელფასი. წარმოუდგენელია, რადგან საარსებო მინიმუმიც კი არ არის ეს 80 ლარი… მიუხედავად იმისა, რომ ფასები ალბათ გასამმაგდა და გაოთხმაგდა, მათი ხელფასი დარჩა უცვლელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ადამიანები რასაც იღებდნენ ადრე და შეიძლება გაჭირვებით ჰყოფნოდათ, ახლა ვეღარ ეყოფათ და არის საფრთხე, რომ სოციალური აგენტი თავად გახდეს სოციალურად დაუცველი“, – ამბობს ომსარაშვილი.

დავით ომსარაშვილი სოცაგენტების მეორე პრობლემასაც ასახელებს, რაც შრომის ხელშეკრულების 1-თვიან ვადას უკავშირდება.

„სოციალური აგენტები არიან ხელშეკრულებებით დასაქმებულები, თუმცა მათ აქვთ ერთთვიანი ხელშეკრულებები. წლებია უკვე, ეს ადამიანები ყოველთვე ელოდებიან იმას, დამსაქმებელი ისურვებს თუ არა მათთან ურთიერთობის გაგრძელებას. ისინი სულ არასტაბილურ გარემოში მუშაობდნენ და აქვთ არასტაბილურობის განცდა.  მათ არ შეუძლიათ დაგეგმონ მომავალი. არ შეუძლიათ  თუნდაც ბანკებთან ურთიერთობა, რადგან არ იციან მომავალ თვეში ექნებათ თუ არა სამსახური“, – ამბობს ის.

როგორც „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი ამბობს, სოციალური აგენტების რეგიონებში ასევე ძალიან დიდი პრობლემა აქვთ ტრანსპორტთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, თუ თბილისში ტრანსპორტის პრობლემა არ დგას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, რეგიონებში ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას.

მედიაციის პროცესი

ომსარაშვილის თქმით, ის 90 სოციალური აგენტი, რომლებიც „სოლიდარობის ქსელის“ წევრები არიან, არიან როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

რაც შეეხება მედიაციის პროცესს, იურისტი გვეუბნება, რომ რამდენიმე თვის წინ მათ წამოიწყეს კოლექტიური დავა და მოითხოვეს მედიაციის პროცესის დაწყება. მაშინ სამინისტრომ დანიშნა მედიატორი. მედიაციის პროცესში ჰქონდათ რამდენიმე შეხვედრა მედიატორთან. თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესებს დაემთხვა პანდემიის პერიოდი და საერთო შეხვედრა ვეღარ შედგა. ამასობაში კი მედიაციისთვის განკუთვნილი 21 დღის ვადაც გავიდა. ომსარაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან მათი მიზანია, რომ მოლაპარაკების გზით გადაეჭრათ სოცაგენტების პრობლემები, თავიდან მოითხოვეს მედიაციის გაგრძელება, რაზეც სამინისტრო აღარ წამოვიდა და მედიატორს არ ნიშნავს.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ინტერესი არ ყოფილა ის, რომ აუცილებლად უნდა გავფიცულიყავით და გვსურდა მოლაპარაკების გზით გადაგვეჭრა ეს პრობლემები, დამატებით მოვითხოვეთ მედიაციის გაგრძელება. თუმცა გავიდა უკვე 10 დღეზე მეტი და სამინისტროსგან პასუხი არ მიგვიღია და მედიატორიც დანიშნული არ არის. ამის შემდეგ მივმართეთ სამინისტროს და ზეპირად განგვიმარტეს, რომ პრობლემა აქვთ, რადგან ნოტარიუსების რეესტრი და ერთიანი სია არ არის დამტკიცებული. შესაბამისად, სანამ ეს სია არ დამტკიცდება, მანამდე მედიატორს ვერ დაგვინიშნავენ. ეს არ ვიცით, როდის მოხდება. ამაზე გადაჭრით პასუხი არ გვაქვს“, – ამბობს ომსარაშვილი.

ომსარაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ სამინისტრო უფლებრივ მდგომარეობას ვერ უზრუნველყოფს, რომ დასაქმებულს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი, ასევე, გამოჩნდა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მედიაციის პროცესსაც.

„არ დაგვინიშნეს მედიატორი და სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს უბრალოდ“, – ამბობს ომსარაშვილი და მიაჩნია, სამინისტროს ამგვარი ქმედება დროის გაწელვას ემსახურება და მეტს არაფერს.

ომსარაშვილი განმარტავს, რომ მედიაციისთვის განკუთვნილი 21 დღის (რაც უკვე გასულია) შემდეგ დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება აქვთ. მათ უკვე ეს უფლება მოპოვებული აქვთ და ამიტომ მოსალოდნელია, რომ ორშაბათიდან სოცაგენტები გაიფიცონ.

„მოდით და დავილაპარაკოთ მედიატორის გარეშე, რადგან ამ მედიატორს ვერ ვნიშნავ –  ამასაც არ გვეუბნება სამინისტრო, რადგან უნდათ, რომ კულუარულ მოლაპარაკებებში შევიდნენ დასაქმებულებთან“, – ამბობს ის.

სამინისტროს შეთავაზება

24 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ შეჯერებული არიან და სოცაგენტების ფიქსირებული 100 ლარი [დარიცხული 80 ლარი] გაორმაგდება და 200 ლარი გახდება.  გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა ასევე ის, რომ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ სოციალური აგენტების ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება მოხდება, თავდაპირველად 6 თვემდე, შემდეგ კი 1 წლამდე.

ომსარაშვილი ამბობს, რომ 100 ლარით გაზრდა მისაღები ვერ იქნება და ფიქსირებული ხელფასი საარსებო მინიმუმის ტოლფასი მაინც უნდა იყოს, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ტრასპორტირების ხარჯი.

„სოციალური აგენტები ითხოვენ რას? სულ მინიმუმ უნდა გამოიყოს ცალკე საარსებო მინიმუმი, როგორც ხელფასი და ასევე უნდა დაემატოს ამას სატრანსპორტო ხარჯი, რასაც ისინი ამ 80 ლარს უწოდებენ. ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, თუმცა დაახლოებით ეს გამოდის 350 ლარიდან 400 ლარამდე ფიქსირებული და დანარჩენი უკვე გამომუშავებული“, – ამბობს ომსარაშვილი.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომ სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება საშუალოდ თვეში 700 ლარს შეადგენს, ომსარაშვილი აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში ასე უმეტესად ვერ ხდება.

„იმ რაოდენობის სამუშაო რომ შეასრულონ, რა რაოდენობისაც ადამიანს შეუძლია, ეს, გამოდის დაახლოებით 500 ლარი, საშუალოდ. ასე იღებენ სოციალური აგენტები. ის რა რაოდენობაც თავად თქვეს [სამინისტროში], არის მაქსიმალური ოდენობა, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში სოციალური აგენტები იღებენ. ეს არის იშვიათი“, – ამბობს ომსარაშვილი.

ომსარაშვილი ასევე ეხმაურება წოწკოლაურის განცხადებას იმაზე, რომ „მათ პირადად მისთვის აღნიშნულ საკითხზე არასდროს მიუმართავთ“. მისი თქმით, მინისტრის მოადგილე ცრუობს.

„ის რომ [წოწკოლაურისთვის] არავის უთქვამს [შეხვედრაზე] არის სიცრუე. მივმართეთ ოფიციალური წერილით მინისტრს, მოვითხოვეთ მედიაცია და ასევე მივმართეთ სააგენტოს ოფიციალურად. სააგენტოში თუ მათ არაფრად არ აგდებენ და არ ეუბნებიან, თუ რა ხდება, როდესაც კოლექტიური დავაა – ეს მეორე საკითხია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ და ტყუილია, რომ მან არაფერი იცის. თუ არაფერი არ იცოდა, მისი [წოწკოლაურის] პასუხისმგებლობაა“, – ამბობს ომსარაშვილი.

მისი ინფორმაციით, გუშინ სამინისტროში მხოლოდ რამდენიმე სოცაგენტი დაიბარეს და შეხვდნენ. მას ამ შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. ომსარაშვილი ვარაუდობს, რომ სამინისტრო კულუარული მოლაპარაკების გზით ცდილობს საპტროტესტო განწყობის განეიტრალებას.

„გუშინ იყო შეხვედრა, სოციალურ აგენტებს ასე ჩუმად [შეხვდნენ], რამდენიმე სოციალურ აგენტს დაუკავშირდნენ და ახლა ცდილობენ, რომ ასე ცალ-ცალკე დაიბარონ, დააშინონ ან რაღაცა კულუარული მოლაპარაკებებით, ისე, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირი გამორიცხონ, რაღაცნაირად უნდათ, რომ ეს ადამიანები დაითანხმონ მცირედზე და უნდათ, რომ მოტყუებით გააგრძელონ ეს ფარსი, რასაც აქამდე აგრძელებდნენ.

დაახლოებით 5 სოციალური აგენტი იყო შეხვედრაზე, რამდენიმემ საერთოდ უარი თქვა იქ შესვლაზე. მე, როგორც პროფესიული კავშირის წარმომადგენელს, არ მომეცა საშუალება დავსწრებოდი ამ შეხვედრას. მივედი და უბრალოდ გამომიშვეს და არ მომცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი შეხვედრას და დამესვა შეკითხვები, იმიტომ, რომ ესენი ერიდებიან მწვავე კითხვებს და ერიდებიან იურისტებს, რადგან არ აქვთ რეალურად პასუხები“, – ამბობს ის „პუბლიკასთან“ საუბრისას.

დავით ომსარაშვილის თქმით, სოცაგენტების გაფიცვის საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას. მათი თქმით, სამინისტროსთან ორშაბათს იგეგმება შეხვედრა, თუმცა ჯერ ელოდებიან თანხმობას შეხვედრის მათთვის მისაღებ ფორმატთან დაკავშირებით.